11 პარასკევი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

თურქეთი სამხედრო გადატრიალების შემდეგ | Allnews.Ge

თურქეთი სამხედრო გადატრიალების შემდეგ

თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამოძიების ფარგლებში, 2 000 სამართალდამცველი და ქვეყნის შეიარაღებული ძალების ასობით წარმომადგენელი თანამდებობას დატოვებს.

გარდა ამისა, თურქეთი 38 ათას პატიმარს გაათავისუფლებს იმისთვის, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობისთვის დაკავებული პირებისთვის ციხეებში "ადგილები გაათავისუფლოს".

ეჭვმიტანილთა დაკავების გარდა, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაიხურება კავშირგაბმულობის სამინისტრო, მედიასაშუალებების სადამკვირვებლო ორგანოდან, "საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის სამმართველოდან" კი 196 თანამშრომელს დაითხოვენ.

სიაში სამხედროები, პოლიციელები, მასწავლებლები, უნივერსიტეტის დეკანები და ჟურნალისტებიც მოხვდნენ. "ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ეს ადამიანები პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიმართ არასაკმარისად ლოიალურები არიან.

შესაბამის ინფორმაციას გამოცემა Independent-ი აქვეყნებს. თურქეთის იუსტიციის მინისტრის ბექირ ბოზდაგის განცხადებით, პირობით-ვადამდე გაათავისუფლებენ პატიმრებს, რომლებმაც დანაშაული მიმდინარე წლის 1 ივლისამდე ჩაიდინეს, აღნიშნული ზომა კი არ ეხება იმ პატიმრებს, რომლებიც მძიმე დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს.

16 ივლისის ღამით, სამხედრო გადატრიალების მცდელობას თურქეთის 246 მოქალაქე ემსხვერპლა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ თურქეთში სულ მცირე 45 000 ადამიანი დააკავეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურეობრივი მოვალეობები შეუწყვიტეს.

ფეთულა გიულენს სამშობლოში 1 900-წლიანი პატიმრობა ემუქრება

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის ცნობით, დაკავებულების წინააღმდეგ სასტიკ მეთოდებს იყენებენ, -"აიძულებენ მოუხერხებელ მდგომარეობაში 48 საათის განმავლობაში ყოფნას, არ აძლევენ საკვებს, წყალსა და მედიკამენტებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და ემუქრებიან".

ასევე იყენებენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვა ხერხებსაც, თუმცა თავად თურქეთის ხელისუფლება ამ ფაქტებს სასტიკად უარყოფს.

თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის შემდეგ სამსახურებიდან გაათავისუფლეს 15 ათასი მასწავლებელი, 1 500 დეკანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის 9 000 თანამშრომელი, ფინანსთა სამინისტროს 1 500 თანამშრომელი და პრემიერ-მინისტრის ოფისის 250-მდე თანამშრომელი.

დააკავეს 6 ათასი სამხედრო, სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება შეუწყდა 3 ათასს მოსამართლეს.

ამას გარდა, გადატრიალებიდან რამდენიმე დღეში, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდების საფუძველზე 43 ჟურნალისტი, მათ შორის სახელმწიფო ტელერადიო კომპანია TRT-ის 40 თანამშრომელი დააკავეს.

დაკავებები ამით არ დასრულებულა, თურქეთის პოლიციამ 120 ტოპ-მენეჯერის დაკავების ორდერი გასცა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სამართალდამცველები ჩხრეკას ერთდროულად 44 კომპანიაში ატარებენ, რათა დააკავონ იმ კომპანიების თანამშრომლები, რომლებიც, თურქეთის ხელისუფლების აზრით, ფეთულა გიულენს აფინანსებდნენ.

სხვადასხვა საჯარო თუ კერძო უწყებაზე დაკვირვების გარდა, თურქეთის სასამართლომ სპორტსმენებზეც მიიტანა ეჭვი და თურქული პრესის ინფორმაციით, გიულენის დაჯგუფების წევრობის ბრალდებით ყოფილი ფეხბურთელის, ჰაქან შუქურის დაკავების ორდერი გასცა, თუმცა ყოფილი ფეხბურთელი ოჯახთან ერთად ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველა ეს ადამიანი აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერია, რომელსაც ანკარა გადატრიალების შესაძლო ორგანიზატორად მიიჩნევს. თავად გიულენი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს.

ერდოღანისა და გიულენის დაპირისპირება - ვინ არის თურქეთის პრეზიდენტის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი

გარდა ზემოთ აღნიშნული ქმედებებისა, თურქეთის ხელისუფლება სიკვდილით დასჯის აღდგენაზეც მსჯელობს. ერდოღანის განცხადებით, პარლამენტის მიერ სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, იგი მზადაა სიკვილით დასჯა დააბრუნოს.

საპასუხოდ, დასავლეთში აღნიშნეს, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში თურქეთი ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ თურქეთის პრეზიდენტს მიენიჭა უფლებამოსილება შეირაღებული ძალების მეთაური დამოუკიდებლად დანიშნოს.

თურქეთში ადამიანის უფლებების კონვენციის მოქმედება ამ დრომდე შეჩერებულია და საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.

 

მოამზადა მარიამ მენაბდიშვილმა