
ისრაელი, იერუსალიმში ყატარის ტელეარხის Al Jazeera წარმომადგენლობის დახურვას და ტელეარხის ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის გაუქმებას გეგმავს.
აღნიშნულის შესახებ სააგენტო "როიტერსი" ისრაელის კავშირგაბმულობის მინისტრ, აიუბ კარზე დაყრდნობით იუწყება.
მინისტრმა ტელეარხი Al Jazeera ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მის დასახურად ქვეყნის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანაა საჭირო.
თავის მხრივ, Al Jazeera-მ დაგმო ისრაელის მთავრობის ეს გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ამას სასამართლოში გაასაჩივრებს.
აღსანიშნავია, რომ 27 ივლისს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ყატარული ტელეარხის Al Jazeera-ს იერუსალიმში მდებარე ოფისის დახურვა სურს.
როგორც ნეთანიაჰუმ განმარტა, ის უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ აშუქებს Al Jazeera ტაძრის მთასთან უსაფრთხოების გაძლიერებულ ზომებს და აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოშობილ კონფლიქტს.
"ტელეარხი Al Jazeera განაგრძობს ტაძრის მთის სიტუაციის ირგვლივ ძალადობისკენ მოწოდებებს. მე უკვე რამდენჯერმე ვთხოვე სამართალდამცავ უწყებებს იერუსალიმში Al Jazeera-ს ოფისის დახურვა. თუ ეს არ მოხდება იურიდიულ საფუძველზე, მე ვიმუშავებ იმაზე, რომ მიღებულ იქნას კანონი, რომლის საფუძველზეც Al Jazeera ისრაელიდან იქნება განდევნილი", - დაწერა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.