იხილეთ პოლიტიკოსები, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებიან | Allnews.Ge

იხილეთ პოლიტიკოსები, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებიან

როგორც იქნა მუშაობის უკანასკნელი საათიც მიილია და შეგიძლიათ, შინ დაბრუნდეთ. თუმცა, თუ ავტომობილი არ გყავთ, სახლამდე გზა საზოგადოებრივი ტრანსპორტით უნდა გაიაროთ. ტრანსპორტში ასული თანამოაზრის პოვნის სურვილით, დაღლილ თვალს სხვა მგზავრებს მოავლებთ და მათ შორის თქვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ამოიცნობთ, რომელიც თქვენსავით მოაჯირს ჩამოყრდნობია.

მთავრობის მეთაურს დაკვირვებით ათვალიერებთ და თან სხვადასხვა ფიქრი გესხმით თავს, მათ შორის ისიც, რომ ქვეყნის უმაღლესი პირიც თქვენნაირი ადამიანია. ისიც თქვენსავით დადის სამსახურში, ელის უკანასკნელი საათის გასვლას, დაღლილი და ზამთრის სუსხით შეწუხებული ავტობუსს ან მეტროს ელის. შიგნით შესული დასაჯდომ ადგილს თქვენსავით ვერ პოულობს და კართან ახლოს მყუდრო ჩამოსადგომს იკავებს. იმასაც ფიქრობთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოციალური კლიშე არ არის და რომ მოსახლეობა იმის მიხედვით არ იყოფა, სამსახურამდე ტრანსპორტის რომელი სახეობით მიდის.

ჩემმა მკითხველმა შეიძლება იფიქროს, რომ ეს რომელიმე სოციალური რეკლამის კარგად დაწერილი სცენარია. თუმცა, გაერთიანებულ სამეფოში, ერთ-ერთი ჩვეულებრივი მაღაზიიდან გამოსული რიგითი გამყიდველი, საზოგადოებრივ ტრანსპორტში წამყვანი პოლიტიკური პარტიის რომელიმე ლიდერს მეტროს კარში შესვლისას აღმოაჩენს და ეს არც კი გაუკვირდება, რადგან...

გაერთიანებული სამეფოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ დევიდ ქემერონს მეტროს ვაგონში გაზეთით ხელში ხშირად ნახავდით, იმ წლებში, როდესაც ის ქვეყნის მთავრობას ხელმძღვანელობდა.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უცხო ხილი არც გაერთიანებული სამეფოს ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელ ჯერემი კორბინისთვის არის.

კიდევ ერთი ბრიტანელი პოლიტიკოსი, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით აქტიურად გადაადგილდება ლონდონის ყოფილი მერი და ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონია.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფრო კონკრეტულად კი მეტროთი მგზავრობის ტრადიცია გაერთიანებული სამეფოს პრემირ-მინისტრისთვის ტონი ბლერისთვისაც არ იყო უცხო. ის ქვეყნის მთავრობას 1997-2007 წლებში ხემძღვანელობდა.

შეიძლება იფიქროთ, რომ ეს კულტურა მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში აქვთ, მაგრამ შეცდებით, რადგან ჩიკაგოს ყოფილი მერი თავის ოფისამდე მეტროთი კვირაში სულ მცირე ორჯერ მიდიოდა.

საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა კი 2012 წელს განაცხადა, რომ ბრიუსელში გამართულ სამიტებზე მატარებლით ივლიდა, რათა სახელმწიფო ხარჯები დაეზოგა, იმავე ხერხს მიმართავდა ქვეყნის ფარგლებში სხვადასხვა რეგიონის მონახულებისას.

ტაილანდის ტრანსპორტის მინისტრი ქვეყნის საზოგადოებრივ ტრანსპორტს იმდენად ენდობა, რომ აეროპორტამდე ავტობუსს გაჰყვა, თუმცა საცობებთან დაკავშირებული პრობლემა ვერ გაითვალისწინა და ლამის რეისზე დააგვიანა.

ეს ნუსხა სრული არ არის, დარწმუნებული ვარ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მოიძებნება ათეულობით პოლიტიკოსი, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყოველდღიურად გადაადგილდება და მათი მხრიდან ეს ჩვევა რიგით მოქალაქეებს დადებით განწყობას უქმნის.