
უკრაინის მოქალაქე ირინა სავიცკაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 3-დან 6 თვემდე გაუგრძელდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა მიიღო.
მოსამართლემ ის გარემოებები განმარტა, რაზეც გადაწყვეტილების მიღებისას გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, მოსამართლის თქმით, პირი არის საკუთარ ქვეყანაში ძებნილი, რის გამოც მისი მიმალვის საფრთხე არსებობს. მისივე განცხადებით, დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია არსებითად ახალი გარემოება, რომელიც შესაძლოა გამხდარიყო აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საფუძველი. შესაბამისად, მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და უკრაინის მოქალაქე ირინა სავიცკაიას საექსტრადიციო პატიმრობა ვადით 3-დან 6 თვემდე გაუხანგრძლივდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება დაცვის მხარე და მის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარების შემდეგ გეგმავს.
"ჩვენ არაერთხელ მოვუყვანეთ სასამართლოს არგუმენტები, რომ ირინა მარტო ზრდის ავადმყოფ შვილს, რომელსაც ექიმები დედის გვერდით ყოფნას ურჩევენ. ბიჭს ჰყავს მამა, მაგრამ ის სხვა ქვეყანაში ცხოვრობს და ბიჭთან მუდმივად დარჩენა არ შეუძლია, ვინაიდან მშობლები განქორწინების პროცესში არიან. ბავშვი ვერ იღებს მუდმივ საჭირო მზრუნველობას. მაგრამ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ის ფაქტი, რომ ბიჭს ჰყავს მამა, თუნდაც ის სხვა ქვეყანაში იყოს, იძლევა საფუძველს იმისთვის, რომ ბავშვის დედა საპატიმრო დაწესებულებაში კიდევ სამი თვით დარჩეს", - განაცხადა ირინას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.
" სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების მიუხედავად, რომლის წარმომადგენლებიც პირდაპირ მიუთითებდნენ, რომ ამ სიტუაციაში აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საჭიროა გათვალისწინებული იყოს ავადმყოფი ბავშვის ინტერესები", - აღნიშნა ადვოკატმა.
მისი თქმით, ბრალდების მხარემ არგუმენტის სახით მოიყვანა სხვა უკრაინელი ქალის მაგალითი, რომელიც ექსტრადიციამდე გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შემდეგ რუსეთში გაიქცა. "მაგრამ ეს შედარება არაკორექტულია - ჩვენთვის უცნობია სხვა საქმის გარემოებები, ის ჩვენს დაცვის ქვეშ მყოფს საერთოდ არ ეხება. მითუმეტეს, რომ მას ჰყავს ავადმყოფი შვილი, რომელსაც მოვლა სჭირდება, და რიგი მაღალჩინოსნები მას თავდებში უდგებიან", - ამბობს ადვოკატი.
გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ შაბათს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე აპელაცია იქნება შეტანილი. "ის, თუ სად დაელოდება ირინა ექსტრადიციას, არანაირად არ მოქმედებს ექსტრადიციის პროცესზე, რომელიც ახლა აპელაციების გამო ვერ იწყება. ამიტომ ჩვენც და პროკურატურაც დაინტერესებულები ვართ, რომ ირინა საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლდეს და ძირითად საქმეზე გადაწყვეტილებას სახლში დაელოდოს", - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ ირინა სავიცკაია 2017 წლის ივნისში საქართველოში უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების წარდგენით დააკავეს. უკრაინაში მას "თაღლითობაში" თანამონაწილეობა ბრალდება, მაგრამ მისი ადვოკატები და "S.Group"-ის გენერალური დირექტორი სერგეი ბელი დარწმუნებულები არიან, რომ სახეზეა პოლიტიკური ზეწოლა ერთ-ერთ უკრაინელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე, რადიკალური პარტიის წევრ სერგეი რიბალკაზე. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ უკრაინაში ირინა პოლიტიკოსის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის მიზნით შესაძლოა ძალადობრივი ზეწოლის ქვეშ მოექცეს. ადვოკატები ცდილობენ მისი საქართველოდან ექსტრადიცია არ დაუშვან. შესაბამისი შუამდგომლობა შეტანილია საქართველოს ლტოლვილთა სამინისტროში, მთავარ პროკურატურაში, ომბუდსმენის აპარატში და სხვა ინსტანციებში.