ქალი, რომელსაც პუტინის ჩანაცვლება სურს
რუსეთში წინასაარჩევნო ინტრიგები ძალას იკრებს. კრემლი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. ვლადიმერ პუტინს ამ დრომდე არ დაუდასტურებია, რომ ქვეყნის პირველი პირის პოსტის დაკავება კიდევ ერთხელ სურს, თუმცა ოპოზიციური ძალები მას წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების ხელის შეშლაში მაინც ადანაშაულებენ. როგორც ცნობილი გახდა, მთავარი ოპოზიციონერი კანდიდატი ალექსეი ნავალნი პუტინის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს, მიზეზი კი ის არის, რომ მას არც ერთ მსხვილ ქალაქში ამომრჩეველთან შეხვედრის უფლებას არ აძლევენ.
აღნიშნულ პოლიტიკური კონიუნქტურა თავისი კანდიდატურის წარსადგენად ხელსაყრელად მიიჩნია ტელეჟურნალისტმა და სამოქალაქო აქტივისტმა ქსენია სობჩაკმა. სანკტ-პეტერბურგის ყოფილი მერის ანატოლი სობჩაკის ქალიშვილმა შოუბიზნესიდან და აქტიური ჟურნალისტური საქმიანობიდან პოლიტიკაში 2011 წელს გადაინაცვლა და პირველი, რაც გააკეთა რუსეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტა, რომელშიც პუტინის პარტია "Единая Россия"-მ გაიმარჯვა.
შემდგომი საპროტესტო აქტივობა უკვე 2012 წლის საპარლამენტო აქტივობას მოჰყვა, რომელშიც ძნელი ამოსაცნობი არ არის რომ ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა. შედეგად სობჩაკმა საპატიმროშიც ამოყო თავი, მისი სახლი კი სამართალდამცველების ჩხრეკის ობიექტი გახდა.
2017 წლის 18 ოქტომბერს ქსენია სობჩაკი ვლადიმერ პუტინს ოფიციალურად დაუპირისპირდა და პრეტენზია მის პოსტზე განაცხადა. გაბედული ნაბიჯი თუ კრემლის მარიონეტი - რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ყველაზე მოულოდნელ კანდიდატთან ინტერვიუ "ბიბისი"-მ ჩაწერა.
- სკეპტიკოსები მიიჩნევენ, რომ ქსენია სობჩაკის კამპანია, არის ალექსეი ნავალნიდან ყურადღების გადატანის მცდელობა. იმ შემთხვევაში თუ ნავალნის არ დაუშვებენ არჩევნებზე, მას აქვს საპროტესტო აქციების გეგმა. ამ დროს ჩნდებით თქვენ და მოსახლეობას ხმის თქვენთვის მოცემას სთხოვთ. ხომ არ დაასუსტებს ეს ალექსეი ნავალნის?
- არა, როგორ შემიძლია მე მისი დასუსტება? პირიქით მას ვაძლიერებ, იმიტომ რომ ჩვენ ერთსა და იმავე მიზნებს ვესწრაფვით, თუმცა სხვადასხვა მეთოდებით. დაპატიმრება არ არის ის, რისთვისაც ყველა ადამიანი მზად არის. პუტინის წინააღმდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი ადამიანი გამოდის, ისინი მზად არიან რაღაც გააკეთონ, მაგრამ ციხეში ჩაჯდომისთვის მზად არ არიან, რატომ არ მივცეთ მას ბრძოლისთვის სხვა არჩევანი და შევუქმნათ კანონიერი პირობები? რა არის ამაში ცუდი? მართლა არ მესმის.
- შეგიძლიათ ერთი ადამიანის მაგალითი მაინც მოგვიყვანოთ, ვინც ცდილობდა ქვეყანაში მთავარი პოსტის დაკავებას, რომელსაც არ ჰქონია გამოცდილება და მისი ზურგი არ გაუმაგრებია პოლიტიკურ პარტიას? ვინ არის თქვენი მისაბაძი მაგალითი ამ კუთხით?
- ამ არჩევნებზე მესმის, რომ ჩემი გამარჯვების შანსი მინიმალურზე ნაკლებიც კი არის. მაგრამ არსებობს არჩევნების ისეთი კონცეფციები, რომლებსაც სიტუაციის შემობრუნება შეუძლიათ და ასეთი მაგალითი ბევრია. მინდა რომ ეს არჩევნები იყოს რეფერენდუმი, სადაც მთავარი კითხვა იქნება ვენდობით თუ არა ვლადიმერ პუტინს. ადამიანები, რომლებიც ხმას მომცემენ მე, ჩემი მომხრეები კი არა პუტინისა და მისი სისტემის მოწინააღმდეგეები იქნებიან. და თუ მსგავსი ადამიანი ბევრი იქნება, ამას შეუძლია სისტემის გადაბრუნება. ეს დიდ ცვლილებებს მოგვიტანს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე რამდენი ადამიანი მოვა არჩევნებზე. ჩვენ შეგვიძლია მეორე ტურის ჩატარების შანსი მოვიპოვოთ, მაგრამ ამ ყველაფრის გაკეთება მარტოს არ შემიძლია.
- თქვენ ამბობდით რომ პირადად პუტინის გაკრიტიკებას კი არა იმ სისტემის კრიტიკას აპირებთ რომელიც მან შექმნა. ამასთანავე თვქენ ამბობდით რომ რუსეთისთვის ყირიმის მიერთებას კანონდარღვევდ მიიჩნევთ. ის რაც უკრაინას დაემართა პუტინის პერსონალური ქმედება არ არის?
- რა თქმა უნდა, ეს პუტინის პერსონალური ქმედებაა. არასდროს მითქვამს, რომ პუტინს არ გავაკრიტიკებდი, მე ვთქვი, რომ არ გავაკრიტიკებ პუტინს როგორც პიროვნებას. უკანასკნელ წლებში არ მომწონს, რომ ნავალნი ან ვინმე სხვა ამბობს "შეხედეთ პუტინს მას ბოტოქსი აქვს" ან "პუტინი ქურდია" - ეს ის ენა არაა, რომელსაც მე ვირჩევ. მთელი ამ წლების განმავლობაში ვამბობდი, რომ პუტინი პასუხისმგებელია იმ სისტემაზე, რომელიც მან შექმნა. პუტინი ის ადამიანია, ვინც ჩვენს ქვეყანაში უშიშროების ფედერალური სამსახურის ძალაუფლება გაამყარა. პუტინია პასუხისმგებელი იმ ფაქტზე, რომ საერთაშორისო იზოლაციაში ვიმყოფებით. რა თქმა უნდა, ის რაც ყირიმს დაემართა პუტინის პოლიტიკის შედეგია, ამიტომ საჭიროდ მიმაჩნია იმაზე საუბარი თუ როგორი პოლიტიკოსია ვლადიმერ პუტინი და არა როგორი ადამიანი.
- ნავალისთან ჩაწერილ ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ, რომ არჩევნებზე მისი დაშვებისა და არ დაშვების საკითხს პუტინი გადაწყვეტს, გამოდის რომ არჩევნებში თქვენს მონაწილეობაზეც ის იღებს გადაწყვეტილებას.
- მოდით რეალისტები ვიყოთ, ჩვენთან არჩევნებთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას პუტინი იღებს და ის ადამიანები, რომლებიც მასთან მუშაობენ. მე ვამტკიცებ რომ ამ არჩვენებს შეგვიძლია ვუწოდოთ "თითქოს და არჩევნები" - მინდა რომ ამ პროცესს ხსწორედ ეს იარლიყი მიეკეროს ჩემი კამპანიის მიმდინარეობისას. არც ერთი კანდიდატი, ისიც კი რომელიც 300 ათასი და მეტი ხელმოწერის შეგროვებას შეძლებს, არჩევნებზე არ იქნება დაშვებული თუ ამისი ნება კრემლიდან არ წამოვიდა. ჩემი გთვლა ისაა, რომ კრემლი სათანადოდ ვერ დამაფასებს და ჩემს მონაწილეობას ხელსაყრელად მიიჩნევს. კარგი პოლიტიკოსი ცუდისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, შეძლებს თუ არა შექმნილი ვითარების თავის სასარგებლოდ გამოყენებას, თუ მას გამოიყენებენ სხვა ადამიანები. ვიმედოვნებ რომ საბოლოო ჯამში კარგი პოლიტიკოსი აღმოვჩნდები. ჩემი ნომერ პირველი ამოცანაა ხელმოწერების საჭირო რაოდენობის შეგროვება. გულწრფელად რომ გითხრათ, არ მინდა კრემლის ყურადღების ცენტრში ხშირად მოვექცე. დავრეგისტრირდები და ძალიანაც კარგი, ვერ დავრეგისტრირდები და ეს იმის სადემონსტრაციოდ გამოდგება, რომ მათ ჩემი შეეშინდათ.
- ზოგიერთი ადამიანი, ვინც რუსეთში ხმამაღლა ამბობს, რომ ყირიმი უკრაინას უნდა ეკუთვნოდეს, სამართლებრივი დევნის მსხვერპლი ხდება, ზოგიერთის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ნაწილი კი ციხეშია. როგორ ახერხებთ ამ აზრის შესაბამისი შედეგების გარეშე გაჟღერებას.
- რას ნიშნავს როგორ ვახერხებ? ჩემს სიტყვებში არაფერია ექსტრემისტული. მე მყავს იურისტთა გუნდი, რომლებიც ჩემი ყოველის სიტყვის კანონთან შესაბამისობის დამტკიცებას შეძლებენ. ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ და ვერავინ მაიძულებს სხვანაირად საუბარს.
ინტერვიუს მიმდინარეობისას ერთადერთი კითხვა, რომელზეც ქსენიამ სობჩაკმა თავი შეიკავა, იყო იმ ბიზნესმენების დასახელება, რომლებიც მისი წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას დასთანხმდნენ და თავისი გადაწყვეტილების დასაბუთებისას აღნიშნა, რომ ის მზად არის თავი საფრთხეში ჩაიგდოს, მაგრამ სხვა ადამიანებს ამ რეალობის წინაშე თვითნებურად ვერ დააყენებს.
მკითხველის კომენტარები
(0)