
კიევის ცენტრში, რადას შენობასთან სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მედიის ინფორმაციით, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა რამდენჯერმა სცადა. მათ კარვების ქალაქზე შტურმი განახორციელეს. შტურმის მიზანი მიხეილ სააკაშვილის დაკავება იყო.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სამართალდამცავები კარვიდან მის გათრევას აპირებდნენ, თუმცა კარავი შეეშალათ და თავს გვერდით გაშლილ კარავს დაესხნენ. ამის შესახებ სააკაშვილი "ფეისბუქში" წერს.
"ისინი თავს დაესხნენ მძინარე აქტივისტებს და ხალხი სასტიკად სცემეს",- წერს სააკაშვილი.
თავის მხრივ, მედია წერს, რომ სააკაშვილის მომხრეებს შორის არიან დაშავებულები. მათივე ინფორმაციით, შტურმი უკრაინის დროით დაახლოებით 06:00 საათზე დაიწყო.
სპეცრაზმსა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებდა რამდენჯერმე მოხდა, თუმცა ამ დროისთვის რადას შენობასთან სიმშვიდეა.
აქციის მონაწილეები ადგილზე საბურავებისგან ბარიკადებს აგებდნენ.
როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სამართალდამცავ უწყებაში დაკითხვაზეა დაბარებული. მისთვის მიცემული 24-საათიანი ვადა, დღეს დილით იწურება.
საქართველოს ექს-პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს. ამის შესახებ უკრაინულ პრესას ოდესის სააკაშვილის პარტიის პრესმდივანმა განუცხადა.
მარიანა პოჩტარის თქმით, არც სააკაშვილს და არც მის ადვოკატებს არავითარი საბუთები არ მიუღიათ.
გუშინ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ სააკაშვილს დაკითხვაზე მისასვლელად 24 საათი მისცა. ლუცენკომ აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ პოლიტიკოსი გამომძიებელთან გამოცხადდეს, ამასთანავე უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ეროვნულ პოლიციას თხოვნით მიმართა, რომ მიხეილ სააკაშვილზე ძებნა გამოაცხადოს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი დადგენილება ეროვნულ პოლიციას უკვე გადაეცა. ამის შესახებ უკრაინის გენპროკურატურის სპიკერმა ალექსეი ლისენკომ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა.
მისი ინფორმაციით, დოკუმენტი ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელს სერგეი კნიაზევს გადაეცა. უწყების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან მაშინ გაიქცა, როდესაც ის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე უნდა გადაეყვანათ.