
სტივენ ჰოკინგის ნეშტს ვესტმინისტრების სააბატოში ისააკ ნიუტონისა და ჩარლზ დარვინის გვერდით დაკრძალავენ.
ინგლისელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი, კოსმოლოგი და მეცნიერების პოპულარიზატორი, სტივენ ჰოკინგი, რთული დაავადების მიუხედავად, თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პატივსაცემი მეცნიერი გახდა. ის 14 მარტს კემბრიჯში 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სულის მოსახსენიებელი ცერემონია კემბრიჯში ჩატარდება, იმ ქალაქში, რომელიც სტივენ ჰოკინგს ძალიან უყვარდა- ნათქვამია, მეცნიერის ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მსახურება 1 აპრილს კემბრიჯის უნივერსიტეტის წმინდა მარიას სახელობის ეკლესიაში ჩატარდება.
"ჩვენი მამა 50 წელზე მეტხანს ცხოვრობდა და მუშაობდა კემბრიჯში. ის ქალაქის ცხოვრების განუყოფელი და შესამჩნევი ნაწილი იყო- ნათქვამია სტივენ ჰოკინგის შვილების მიერ გავრცელებულ განცხადებაში,- "სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, სულის მოსახსენიებელი ცერემონია იმ ქალაქში ჩავატაროთ, რომელიც მას ძალიან უყვარდა და რომელსაც ის უყვარდა. ჩვენი მამის ცხოვრება და მოღვაწეობა ბევრი ადამიანისთვის, როგორც რელიგიურისთვის, ასევე არარელიგიურისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, შესაბამისად მსახურება ყველა ტრადიციის გათვალისწინებით ჩატარდება".
სტივენ ჰოკინგს 31 მარტს დაკრძალავენ.