
ჩრდილოეთ კალიფორნიაში, Youtube-ის ერთ-ერთ ფილიალთან სროლა იყო. BBC-ის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადები, სამართალდამცავები კი მოსახლეობას აღნიშნული ტერიტორიიდან შორს ყოფნას სთხოვდნენ.
Youtube-ის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სროლის გამო შენობა თანამშრომლებმა პანიკის ფონზე დატოვეს.
კალიფორნიაში, YouTube-ის შტაბ-ბინაში მომხდარი სროლების შესახებ ერთ-ერთი თანამშრომელი "ტვიტერზე" წერს: "შტაბ-ბინაში აქტიური სროლა იყო. ჩემს სამუშაო მაგიდასთან მესმოდა სროლის ხმა და ვხედავდი, როგორ გარბოდნენ ადამიანები. ოთახში კოლეგებთან ერთად ვიყავი", - წერს ვადიმ ლავრუსიკი. მოგვიანებით მანვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ შენობაში პოლიციელები შევიდნენ და ის ქუჩაში გაიყვანეს.
კომპანიის კიდევ ერთი თანამშრომელი წერს, რომ შენობიდან ევაკუაციისას სისხლის ლაქები შენიშნა. მისივე ცნობით, ბოროტმოქმედმა, ვინც ცეცხლი გახსნა, თავი მოიკლა.
ინტერნეტში გავრცელა ვიდეო მასალაც, სადაც ჩანს როგორ გამოდიან ადამიანები შენობიდან ხელებაწეული, მათ გადაადგილებას კი პოლიცია აკვირდება.
სროლის შედეგად ოთხი ადამიანია დაჭრილი, ერთი კი შენობაში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იუწყება. მათივე ცნობით, დაჭრილები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია. ამის შესახებ მან "ტვიტერის" პირად გვერდზე დაწერა.
"ახლახან მომაწოდეს ინფორმაცია კალიფორნიაში YouTube-ის შტაბბინაში მომხდარი სროლების შესახებ. ჩვენი აზრები და ლოცვები მათთანაა, ვისაც შეეხო ეს ინციდენტი", - წერს ტრამპი.
მანვე მადლიერება გამოხატა იმ სამართალდამცველებისადმი, რომლებიც ადგილზე მუშაობენ.
nbcnews.com -ის ინფორმაციით, სროლაში ეჭვმიტანილი ქალი ლიკვიდირებულია.