19 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ცუკერბერგის ბოდიში და შეცდომების აღიარება აშშ-ის სენატში - გუშინდელი მოსმენის საკვანძო მომენტები | Allnews.Ge

ცუკერბერგის ბოდიში და შეცდომების აღიარება აშშ-ის სენატში - გუშინდელი მოსმენის საკვანძო მომენტები

სოციალურ ქსელ Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი აშშ-ს სენატის იურიდიული კომიტეტისა და ვაჭრობის საკითხების კომიტეტის წინაშე წარდგა. სენატორებისა და მარკ ცუკერბერგის განხილვის მთავარი თემა სოციალური ქსელის მომხმარებლების პირადი ინფორმაციის დაცულობა გახდა: აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინტერესი მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრიტანულ კომპანია Cambridge Analytica-ს ხელში Facebook-ის თითქმის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემები და პირადი ინფორმაცია ჩაუვარდა.

ორშაბათს ცუკერბერგი კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წინაშეც წარდგა, სადაც მან თავის სიტყვაში ბოდიში მოიხადა დაშვებული შეცდომის გამო და განაცხადა, რომ კომპანიამ საკმარისი ნაბიჯი ვერ გადადგა იმისთვის, რომ მომხმარებელთა მონაცემები მესამე პირის ხელში არ აღმოჩენილიყო.

გთავაზობთ სენატში მარკ ცუკერბერგის 5-საათიანი მოსმენის საკვანძო მომენტებს.

"შეჯიბრი შეიარაღებაში" რუსეთთან

Facebook-ის თანამშრომლები მონაწილეობენ "შეიარაღების შეჯიბრში" რუსეთის მიერ დაფინანსებულ დაჯგუფებებთან, რომლებიც სოციალური ქსელის ექსპლუატაციას საზოგადოებრივი აზრის შეცვლისა და ხმის მიცემის შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზნით ცდილობენ - განმარტა მარკ ცუკერბერგმა.

სოციალური ქსელის დამფუძნებლის თქმით, ამ კუთხით უსაფრთხოების უკანასკნელი ზომა, რაც სოციალურმა ქსელმა მიიღო იყო ხელოვნური ინტელექტის დანერგვა, რომელსაც ყალბი ექაუნთების იდენტიფიცირება შეუძლია, რომლებიც შემჩნეულები არიან პოლიტიკურ განწყობებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში.

"ასე რომ, ეს ნამდვილი "შეჯიბრია შეიარაღებაში"- ისინი ისწავლიან უკეთ მუშაობას, იგივე უნდა გავაკეთოთ ჩვენც", - განაცხადა ცუკერბერგმა და აღნიშნა, რომ წლის ბოლოსთვის Facebook-ი უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტში დამატებით 20 ათას თანამშრომელს აიყვანს.

ცუკერბერგი სპეცპროკურორ მიულერთან კომუნიკაციის შესახებ

სოციალური ქსელის დამფუძნებელმა სენატორებთან საუბრისას განმარტა, რომ სპეცპროკურორ რობერტ მიულერის გუნდის წევრებს ის სასაუბროდ არ მიუწვევიათ, თუმცა პროკურორის გუნდის წევრები, რომელიც 2016 წელის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას იძიებს, Facebook-ის სხვა თანამშრომლების დაკითხვას აწარმოებენ. ცუკერბერგს კონფიდენციალურობიდან გამომდინარე დაკითხვის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა განმარტა, რომ კომპანია მიულერის ოფისთან აქტიურად თანამშრომლობს.

არჩევნებში სხვა ქვეყნის ჩარევის შესაძლებლობის შესახებ

დემოკრატმა სენატორმა დაიან ფაინსტაინმა Facebook-ის ხელმძღვანელს ბევრი კითხვა დაუსვა იმის შესახებ თუ რა გააკეთა მან იმისთვის, რომ აშშ-ის არჩევნებში უცხოური ჩარევა შეეჩერებინა, რომელიც სწორედ სოციალური ქსელის მეშვეობით ხორციელდებოდა. მარკ ცუკერბერგმა აღიარა, რომ კომპანიაში საკმაოდ გვიან გამოავლინეს ე.წ ტროლების ფაბრიკის მხრიდან მომავალი საფრთხე.

"ამის გამოსწორება ერთ-ერთი პრიორიტტულლი საკითხია 2018 წელს. ყველაზე დიდ სინანულს სწორედ ის ფაქტი იწვევს, რომ 2016 წელს რუსეთის საინფორმაციო ოპერაციები საკმაოდ გვიან შევნიშნეთ"- აღნიშნა ცუკერბერგმა.

"ველოდით, რომ ისინი კიბერთავდასხმების უფრო მეტად ტრადიციულ მეთოდებს გამოიყენებდნენ, რომლის იდენტიფიცირებაც მოვახდინეთ და გავაფრთხილეთ კიდეც კომპანიები, რომელთა ბაზების გატეხვასაც ცდილობდნენ, თუმცა ახალი საინფორმაციო ოპერაციები საკმაოდ ნელა გამოვავლინეთ"- განმარტა სოციალურ ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა.

როგორ აღმოჩნდა სოციალური ქსელის მომხმარებლის პირადი მონაცემები Cambridge Analytica-ს ხელში ?

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ Facebook-ის თითქმის 87 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია ბრიტანული კომპანიის ხელში აღმოჩნდა, სოციალურმა ქსელმა მომხმარებლებს სპეციალური შეტყობინება გაუგზავნა, სადაც აცნობა, არის თუ არა მათი მონაცემები იმ ბაზაში, რომელიც Cambridge Analytica-მ მოიპოვა. სენატში სიტყვით გამოსვლისას მარკ ცუკერბერგმა ინფორმაციის გაჟონვას თავისი შეცდომა უწოდა და ბოდიში კიდევ ერთხელ მოიხადა.

"გარკვეული დრო დასჭირდება იმ ცვლილებების განხორციელებას, რომლის გატარებაც აუცილებელია, რათა ყველაფერმა კარგად იმუშაოს"- თქვა ცუკერბერგმა.

მისი თქმით, კომპანია სათითაოდ შეამოწმებს ათობით ათას აპლიკაციას, რათა გაიგოს ხომ არ აქვთ მათ წვდომა მომხმარებლის პირად ინფორმაციაზე ისევე, როგორც ეს Cambridge Analytica-ს შემთხვევაში მოხდა. ცუკერბერის განმარტებით, მას შემდეგ, რაც კომპანიამ გაიგო, რომ აპლიკაციის შემქმნელსა და ბრიტანულ კომპანიას Facebook-ის მომხმარებლების პირად მონაცემებზე წვდომა ჰქონდათ, დაუყოვნებლივ მოსთხოვეს მათ ამ ინფორმაციის წაშლა, რაზეც ორივე მათგანმა დასტური განაცხადა და ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც წარმოადგინა. ცუკერბერგის თქმით, ახლა მან იცის, რომ Cambridge Analytica-სთვის დაჯერება მისი შეცდომა იყო.