სირიელ ბავშვს, რომელსაც 7 წელი შეუსრულდა, არაფერი უნახავს გარდა ომისა - რა ზომებს მიიღებს ტრამპი ასადის წინააღმდეგ? | Allnews.Ge

სირიელ ბავშვს, რომელსაც 7 წელი შეუსრულდა, არაფერი უნახავს გარდა ომისა - რა ზომებს მიიღებს ტრამპი ასადის წინააღმდეგ?

სირიელ ბავშვს, რომელსაც 7 წელი შეუსრულდა, არაფერი უნახავს გარდა ომისა. მსოფლიოში ბავშვებისთის ყველაზე საშიშ ადგილად სწორედ სირია ითვლება. საბრძოლო მოქმედებებს მხოლოდ 2017 წელს 910 ბავშვის სიცოცხლე ემსხევრპლა, რის გამოც ის ომის დაწყების მომენტიდან ყველაზე სისხლიან წლად იქცა. 2018 წლის ამ რამდენიმე თვეში კი გარდაცვლილი და დაშავებული ბავშვების რიცხვმა უკვე 1000-ს გადააჭარბა.

მხოლოდ გასულ წელს დაახლოებით 1000 ბავშვი მებრძოლებად გაწვრთნეს, 250 ათასზე მეტი მათგანი კი ალყის პირობებში ცხოვრობს. 3 მილიონ სირიელ ბავშვს საკუთარი საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუხდა ომის დაწყებიდან დღემდე და თითქოს ეს საკმარისი არ იყო.

7 აპრილს ადგილობრივმა ექიმებმა და მაშველებმა გაავრცელეს ინფორმაცია ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების შესახებ, რომელსაც ათეულობით ადამიანის მათ შორის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა.

ორშაბათს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 48 საათში გადაწყვეტს მიიტანს თუ არა სირიაზე სამხედრო იერიშს. ტრამპის მიერ დათქმული დრო რამდენიმე საათში იწურება. ბრიტანული გამოცემა Times იუწყება, რომ იმ ადგილზე სადაც სავარაუდოდ ქიმიური იარაღი გამოიყენეს ქიმიური იარაღის აკრძალვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის ექსპერტები ჩავიდნენ, რომლებიც სამხილების მოპოვებით დაკავდებიან.

New York Times-ის ცნობით, ახლა ტრამპი და მისი მრჩევლები განიხილავენ სირიაზე გაცილებით მძლავრი სამხედრო იერიშის მიტანის შესაძლებლობას, ვიდრე გასული წლის აპრილში განხორციელებული სარაკეტო დარტყმა იყო, რადგან მათი მოსაზრებით, მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი აიძულო სირიის ხელისუფლება უარი თქვას ქიმიური იარაღის გამოყენებაზე. გამოცემის ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ქვეყნის ლიდერს სთავაზობენ იერიში რამდენიმე სამიზნეზე მიიტანოს ან სპეცოპერაცია რამდენიმე დღით გაახანგრძლივოს.

ბრიტანული გამოცემა Guardian-ი მიიჩნევს, რომ აშშ-ისთვის ერთადერთი ეფექტური საშუალება მთელი სირიული სამხედრო ავიაციის განადგურებაა. სამხერო ანალიტიკოსის ჯერემი ბინინის გამოთვლებით ამერიკელებს შეუძლიათ აღნიშნული მიზნის შესრულება, იმ შემთხვევაში თუ ავიაიერიში გაცილებით მასშტაბური იქნება, ვიდრე ეს გასულ წელს იყო. გასული წლის საჰაერო თავდასხმის შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის სამხედრო-საჰაერო ძალების 20% განადგურების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

გამოცემების, მათ შორის ალ-ჯაზირას ცნობით, აშშ-ის მიერ ინიცირებულ საჰაერო იერიშში მონაწილეობა, შეაძლოა, გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმაც მიიღონ, თუმცა, საბოლოო პასუხი ჯერ ცნობილი არ არის. ალ-ჯაზირას ცნობით, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ მოჰამედ ბინ სალმანმა პარიზში მაკრონთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა მისმა ქვეყანამაც მიიღოს მონაწილეობა ასადის რეჟიმის წინააღმდეგ დაგეგმილ ავიაიერიშში.

პენტაგონში შიშობენ, რომ ავიაიერიშის შედეგად, შესაძლოა, სირიაში მყოფი რუსი მებრძოლები დაშავდნენ, ამიტომ ვაშინგტონში გეგმავენ თავდასხმის შესახებ ინფორმაცია რუსეთს წინასწარ მიაწოდონ, თუმცა, რა თქმა უნდა, ზუსტი დროისა და ადგილის შესახე ინფორმაცია ოფიციალურ მოსკოვს არ ექნება, რადგან თეთრ სახლში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული ინფორმაცია სირიის რეჟიმს გაუზიაროს.

იმ დროს როდესაც დონალდ ტრამპი და მისი მოკავშირეები სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ საპასუხო ზომებზე მსჯელობენ, საჰაერო მიმოსვლის კონტროლის საერთაშორისო სააგენტო Eurocontrol-ი ავიახაზებს რეგიონის გავლისას სიფრთხილის გამოჩენისკენ და შეძლებისდაგვარად სირიის საჰაერო სივრცისთვის თავის არიდებისკენ მოუწოდებს.