ვინ არის ნიკოლ ფაშინიანი, რომელიც სომხეთის ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსს დაუპირისპირდა?
სულ რაღაც ორი კვირის წინ ნიკოლ ფაშინიანი მცირერიცხოვანი ოპოზიციური ძალის ხმაურიანი წარმომადგენელი იყო. ახლა ის სომხეთის "ხავერდოვანი რევოლუციის" სახეა. ადამიანი, რომელიც ქვეყნის ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსს დაუპირისპირდა და მშვიდობიანი გზით რამდენიმე დღეში მისი დაძლევაც შეძლო.
ნიკოლ ფაშინიანი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამად უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს ჩაუდგა სათავეში. მრავალათასიანი მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობა, საბოლოო ჯამში, მთავრობის მეთაურის ნაბაყოფლობით გადადგომით დაგვირგვინდა.
ფაშინიანი ამ მიზნისკენ უკვე 12 წელია მიდის, თუმცა, როგორც თავად ამბობს, სასურველი შედეგის მიღწევას კიდევ ბევრი აშორებს, რადგან მისი თქმით, ნამდვილი რევოლუცია ახლა იწყება,- "სერჟ სარგსიანის მმართველობით უკმაყოფილო ადამიანების მობილიზება რთული არ იყო, გაცილებით რთული იქნება საპროტესტო მსვლელობის პოლიტიკურ მსვლელობად ჩამოყალიბება და ათწლეულების განმავლობაში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის დამსხვრევა"- განმარტა ფაშინიანმა.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, მსგავსი სტარტის შემდეგ ფაშინიანი მოახერხებს და სომხეთის პოლიტიკის ავანსცენაზე დარჩება.
საინტერესოა ვინ არის სომხეთის "ხავერდოვანი რევოლუციის" ლიდერი?
თავისი ზრდასრული ცხოვრების დიდი ნაწილი 42 წლის ოპოზიციონერმა ბარიკადებთან გაატარა და, როგორც წესი, სომხეთის პოლიტიკის კულისებში უფრო იყო ვიდრე სცენაზე. თუმცა თავისი საპროტესტო ისტორიის განმავლობაში ის პროპაგანადას ყოველთვის მშვიდობიან მსვლელობებს უწევდა. 2007 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მჯდომარე აქცია მოაწყო. 2 წლის შემდეგ ხელისუფლებას თავად ჩაბარდა და თითქმის 2 წელი ციხეში გაატარა, მაგრამ არასდროს უღიარებია 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მასობრივი არეულობის ორგანიზება და ამ პროცესში თანამონაწილეობა.
აქვე უნდა ითქვას, რომ ნიკოლ ფაშინიანი მთელი თავისი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში სერჟ სარგსიანს ებრძოდა, თუმცა ამ ბრძოლაში მარტო თითქმის არასდროს ყოფილა, რადგან სხვა ოპოზიციურ ძალებთან კოალიციაში ყოფნას ამჯობინებდა. "ხავერდოვანი რევოლუცია" ის გამონაკლისი აღმოჩნდა, რომელმაც ფაშინიანი თავის მუდმივ მოწინააღმდეგესთან ერთი ერთზე დატოვა.
ფაშინიანი რევოლუციის საველე ხელმძღვანელია და არა საკაბინეტო პოლიტიკოსი - ასე იცნობენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სომხეთში. ადგილობრივი რეპორტიორების თქმით, თავისუფალ ტანისამოსში გამოწყობილი მიტინგზე ხალხის დიდ მასასთან ერთად მდგომი ფაშინიანი უფრო ორგანულად გამოიყურება, ვიდრე საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნასა თუ კაბინეტში.
"ხავერდოვანი რევოლუციის ლოგიკა იმაში მდგომარეობს, რომ ვინც იყო რევოლუციის სულისჩამდგმელი უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მთელი ქვეყნის კეთილდღეობაზე. ლოგიკა მოითხოვს, რომ ნიკოლ ფაშინიანი ხელისუფლებაში მოვიდეს და ქვეყნის მართვა დაიწყოს. შესაძლოა, მან ამ ლოგიკის შეცვლა მოისურვოს"- აღნიშნა საზოგადოებრივი რადიოს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ გრიგორიანმა.
თავად ფაშინიანი ამბობს, რომ მისთვის მისაბაძი მაგალითი პოლიტიკოსი ნელსონ მანდელაა, რომელმაც გამარჯვების მოპოვების შემდეგ, საკუთარი თავი გახლეჩილი საზოგადოების გაერთიანებას მიუძღვნა.
მიუხედავად ამისა, ფაშინიანი მუდმივი ოპოზიციონერის კარიერისკენ არ ისწრაფვის ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის მიუხედავად მან საპრლამენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურა მაინც წარადგინა, თუმცა ბრძოლაში დამარცხდა. 2012 წელს ამნისტიით გათავისუფლების შემდეგ კი დეპუტატის მანდატის მოპოვება შეძლო. ამის შემდეგ, მან თამასა უფრო მაღლა აწია და ერევნის მერის თანამდებობისთვის ბრძოლა დაიწყო, თუმცა აქაც დამარცხდა.
მარცხისა და გამარჯვებების სერიის შემდეგ, ფაშინიანი ბრძოლას კვლავ განაგრძობს და როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ის პოსტრევოლუციურ მთავრობაში გარკვეულ ადგილს დაიკავებს.
წყარო: BBC