
არკადი ბაბჩენკო ჩეჩნეთის ორ ომს ჯარისკაცის სტატუსით, კიდევ რამდენიმეს კი ჟურნალისტის ამპლუაში გადაურჩა, თუმცა, სიკვდილი მას საკუთარ სახლში ეწვია. რუსი სამხედრო ჟურნალისტი, რომელმაც მისი და ოჯახის მისამართით გაჟღერებული მრავალი მუქარის შემდეგ რუსეთი დატოვა და ჯერ ჩეხეთში, შემდეგ ისრაელში და 2017 წლიდან უკრაინაში ცხოვრობდა, უცნობმა მამაკაცმა გუშინ საკუთარი სახლის ზღურბლზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგში მიყენებული სამი ჭრილობით მოკლა.
ჟურნალისტის მეგობრები, კოლეგები და უკრაინის ოფიციალური პირებიც კი არკადი ბაბჩენკოს მკვლელობაში რუსულ კვალს ხედავენ.
"უკრაინაში ჩამოსვლამდე ის თავდასხმებისა და მრავალი მუქარის შემდეგ აიძულეს, რუსეთი დაეტოვებინა. სამშობლოს დატოვების შემდეგ, ის დემოკრატიული რუსეთისთვის და უკრაინისთვის ბრძოლას განაგრძობდა და, რა თქმა უნდა, ოფიციალური მოსკოვი მას ყოველთვის მტრად განიხილავდა"- განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა რუსი ჟურნალისტის გარდაცვალების შემდეგ.
ჟურნალისტის მკვლელობაში რუსეთის თანამონაწილეობის ვერსიისკენ გადაიხარა უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გროისმანიც,- "დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ტოტალიტარულმა მანქანამ მას სამართლიანობა და პრინციპულობა არ აპატია. ის უკრაინის ნამდვილი მეგობარი იყო, რომელიც რუსული აგრესიის შესახებ მსოფლიოს სიმართლეს უყვებოდა",- დაწერა გროისმანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
41 წლის ყოფილ სამხედროსა და მომავალში ჟურნალისტს საკმაოდ მრავალფეროვანი ბიოგრაფია აქვს.
ის 1995 წელს რუსეთის ჯარში გაიწვიეს, სავალდებულო სამხედრო სამსახურს ჩრდილოეთ კავკასიაში გადიოდა, რის შემდეგაც ჩეჩნეთის პირველ ომში მიიღო მონაწილეობა.გათავისუფლების შემდეგ თანამედროვე ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში ჩააბარა და იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. თუმცა, როდესაც ჩეჩნეთის მეორე ომი დაიწყო, ბაბჩენკომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტი გააფორმა და კონტრტერორისტულ ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას. 2000 წელს, გათავისუფლების შემდეგ სამხედრო ჟურნალისტიკით დაინტერესდა.
"გულწრფელად რომ ვთქვა, ეს არც იყო ჩემი არჩევანი. მე არ გავხდი სამხედრო ჟურნალისტი, ცხოვრებამ გამხადა. როდესაც სამხედრო სამსახურიდან დავბრუნდი და ტელევიზორს შევხედე, მივხვდი, რომ იქ ნაჩვენები სურათი სინამდვილეს არ შეესაბამებოდა",- განმარტა არკადი ბაბჩენკომ ერთ-ერთ ინტერვიუში.
უკრაინამდე იყო საქართველო. 2008 წლის 9 აგვისტოს არკადი ბაბჩენკო ვლადიკავკაზში ჩაფრინდა. თავის რეპორტაჟების სერიაში, რომელიც ომიდან დაბრუნების შემდეგ დაწერა, იხსენებს, რომ ჩაფრენისას დახვდნენ და ქალაქში წაიყვანეს, სადაც მოედანზე ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მთავრობის შენობასთან ადგილობრივები ომის მოთხოვნით მიტინგს მართავდნენ.
"ადამიანები ომს ითხოვდნენ, მეტწილად ქალები. ისტერიკის ტემპერატურა ძალიან მაღალი იყო"- იხსენებს ჟურნალისტი და ამბობს, რომ ჩასვლის შემდეგ ვითარების დაზვერვას და ნებისმიერი საშუალებით ცხინვალში ჩასვლას ეცადა. "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტმა განმარტა, რომ ცხინვალში ჩასვლამდე მის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ სამხრეთ ოსეთს თავს საქართველო დაესხა. ცხინვალამდე ჩასაღწევად მოხალისედ ჩაეწერა.
თავის ჩანაწერებში ის დეტალურად აღწერს გზას, რომელიც მან ვლადიკავკაზიდან ცხინვალამდე გაიარა. ცხინვალში 10 აგვისტოს ჩავიდა და პირველი, რაც გაიფიქრა, იყო, რომ ცხივნავლი არც ისეთი დანგრეულია, როგორც ამას ელოდა. გროზნოს მაგალითიდან გამომდინარე მსჯელობდა, რომელიც ომის დროს ჟურნალისტის თქმით, მიწასთან გაასწორეს და სტალინგრადს დაამსგავსეს.
ანდრეი ბაბჩენკო თავის ჩანაწერებშიც აღწერს, რომ ომის ეს რამდენიმე დღე საკმაოდ მძიმე იყო, სამხედრო მოქმედებები ფაქტობრივად არ წყდებოდა, საქმეში კი ავიაცია, ტანკები და გრადები სრულად იყვნენ ჩართულები.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ დაწერილ რეპორტაჟებს თან ჟურნალისტის მიერ გადაღებული საკმაოდ მძიმე და რიგ შემთხვევაში, დაღუპული ქართველი ჯარისკაცების შემზარავი ფოტოები ახლავს. როგორც თვითონ ამბობდა, ამ კადრების გადაღებისას ბევრს ფიქრობდა, თუმცა შემდეგ საკუთარ თავს ომში ჩამოსვლის მიზეზები გაახსენა და ყველაზე მძიმე და შემაძრწუნებელი კადრებიც კი მოურიდებლად ასახა.
ცხინვალიდან ერთი ფოტო თავადაც შემორჩა, რომელიც ჯერ კიდევ Facebook-ის პროფილის ფოტოდ უყენია და რომელზეც განადგურებული ტანკის ფონზე პოზირებს.
"შევხედე ამ ყველაფერს. შევხედე რუსულ ჯარს. ომის დროს რუსეთი საკონტრაქტო ჯარზე არ გადავიდა. რუსული ჯარი ფრონტის ხაზზე კვლავ 18 წლის ბიჭებს მიერეკებოდა. ყველაფერი თითქმის ისე იყო, როგორც ჩეჩნეთში",- იხსენებდა ჟურნალისტი.
5-დღიანი ომიდან ჟურნალისტის თქმით, მისთვის ყველაზე მძიმე 10 და 11 აგვისტო იყო. ცხინვალში მშვიდობისმყოფელებთან ერთად იყო. შტაბიდან გამოსვლის შემდეგ კოლონა დაინახა, ეცადა, გზა სამხედროებთან ერთად გაეგრძელებინა, თუმცა მაშინ რუსი სამხედროები ჟურნალისტებისთვის უკვე მიუწვდომლები იყვნენ. კოლონას ჩაუყვა და ჩეჩნები დაინახა. ბატალიონი "ვოსტოკი".
"ვიკითხე, საით მიდიოდნენ, მიპასუხეს, თამარაშენში - გასასუფთავებლად. ვკითხე, მათთან ერთად წასვლა თუ შეიძლებოდა. უპრობლემოდ დამთანხმდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ისინი არა თამარაშენში, არამედ გორის დასაპყრობად წავიდნენ. ეს უკვე იყო მარში საქართველოს გულში"- იხსენებს ჟურნალისტი "რადიო თავისუფლებასთან" საუბარში.
რუსეთ-საქართველოს ომში გამოვლილი საკმაოდ მძიმე დღეების მიუხედავად, სამხედრო ჟურნალისტიკას თავი არ დაანება და აღმოსავლეთ უკრაინაში გაემგზავრა. როგორც "ბიბისის" რუსული ბიუროს ჟურნალისტი ილია ბარაბანოვი იხსენებს, "დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში" უკრაინელი სეპარატისტები არკადის დაბეჭდილ პორტრეტს ქალაქის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე კიდებდნენ, მასზე ძებნა იყო გამოცხადებული.
"ამ ომთან დაკავშირებით არკადიმ თავიდანვე ძალიან მარტივი, ცხადი და შეუწყნარებელი პოზიცია დაიკავა. ის არადროს მალავდა, ვის მიიჩნევდა ამ ომის დაწყებაში დამნაშავედ, ღიად ადანაშაულებდა რუსეთის ხელისუფლებას 10 ათასზე მეტი ადამიანის დაღუპვაში და მალაიზიური "ბოინგის" კატასტროფაში, რომელიც დონბასის თავზე ჩამოაგდეს. რაღაც მომენტში მისი, როგორიც პუბლიცისტის პოზიცია თანხვედრაში ვეღარ მოვიდა ამჟამინდელ რუსულ პოლიტიკურ სისტემასთან, სწორედ მაშინ ბაბჩენკომ რუსეთი დატოვა"- ამბობს ილია ბარაბანოვი.
უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ერთადერთი კითხვა, რომელიც ჟურნალისტს აწუხებდა, იყო: როგორ უნდა მოიქცეს ომგამოვლილი ადამიანი, რათა ფრონტზე მიღებული პოსტტრავმული სინდრომისგან გათავისუფლდეს და მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდეს. და ეს საკმაოდ ლოგიკური კითხვა იყო, რადგან მან ომში დამწვარი ჯარისკაცების ცხედრები საკუთარი თვალით ნახა.
სტატიაში ჩართული ფოტოები ეკუთვნის თავად ანდრეი ბაბჩენკოს. ფოტოები გადაღებულია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.