23 კვირა - 2025, მარტი

ახალ ზელანდიაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს დამატებით 10-დღიან შვებულებას აძლევენ | Allnews.Ge

ახალ ზელანდიაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს დამატებით 10-დღიან შვებულებას აძლევენ

ახალმა ზელანდიამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ და გახდა მსოფლიოში მეორე ქვეყანა ფილიპინების შემდეგ, ვინც ოჯახური ძალადობის მსხვერპლთ ყოველწლიურად, დამატებით 10-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება მისცა. ქალთა დახმარების ცენტრის განმარტებით,  მათ აქვთ ბევრი მაგალითი იმის, თუ როგორ კარგავენ ქალები სამსახურს იმის გამო, რომ მათ ოჯახური ძალადობა გამოცადეს ან იმის გამო, რომ მოძალადის მიტოვება და სახლიდან წამოსვლა გადაწყვიტეს.

ქალთა დახმარების ცენტრის წარმომადგენელთა განმარტებით, ოჯახურ ძალადობას გამანადგურებელი შედეგები აქვს და სამსახურის დაკარგვა ამ შემთხვევაში კიდევ ერთი ბარიერია იმისთვის, რომ ძალადობისგან თავი დაიხსნა და ახალი ცხოვრება ააწყო. ორგანიზაციის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ახალ ზელანდიაში მიღებული უმნიშვნელოვანესი კანონი მდგომარეობას რადიკალურად გამოასწორებს და სხვა ქვეყნებისთვისაც მაგალითი გახდება. ცენტრის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ, რაც შეიძლება მეტი პოზიტიური ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ძალადობის მსხვერპლი ადამიანები სამსახურში დარჩნენ და ფინანსური დამოუკიდებლობა არ დაკარგონ.

საზოგადოების ნებისმიერი ფენის წარმომადგენელი ქალები შეიძლება გახდნენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი.
იქნებიან ეს დაბალანაზღაურებადი თანამშრომლები, თუ წარმატებული ქალები მაღალანზღაურებადი სამსახურებით, ოჯახურ ძალადობას ნებისმიერი მათგანის შემთხვევაში გამანდგურებელი შედეგი აქვს მათი მუშაობის უნარზეც. ბევრი ქალი სამსახურს სწორედ იმის გამო კარგავს, რომ ძალადობის შედეგებს ვერ უმკლავდება. ფინანსური უსაფრთხოების დაკარგვის შიში კი მას, როგორც წესი, მოძალადესთან დარჩენას აიძულებს, დახმარების ძიებაში ხელს უშლის. ძალადობის მსხვერპლ ქალებს ხშირ შემთხვევაში ძალადობის შესახებ საუბარი დამსაქმებელთან და თანამშრომლებთან უჭირთ და სამსახურიდან წასვლას ამჯობინებენ. არცთუ იშვიათია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ძალადობის მსხვერპლი ადამიანები, ძალადობის ფაქტებზე არ საუბრობენ, რადგან არ არიან დარწმუნებულები, რომ მათ დაუჯერებენ და დაიცავენ.

უკანასკნელი კვლევის შედეგად, რომლის დროსაც ოჯახური ძალადობის გავლენას სამსახურზე სწავლობდნენ და Vodafone Foundation-ის დაკვეთით მომზადდა, გამოიკვეთა, რომ იმ ორგანიზაციების 16-მა პროცენტმა, სადაც თანამშრომელთა ოჯახური ძალადობის ფაქტები გამჟღავნდა, აღნიშნა, რომ ოჯახურმა ძალადობამ ეს ადამიანები აიძულა, თავიანთი სამუშაო ადგილები მიეტოვებინათ. ხშირად ძალადობის მსხვერპლის სამუშაო ადგილი შესაძლოა, იყოს ერთადერთი სივრცე, სადაც მათ დახმარების მიღება შეუძლიათ.

დამსაქმებლების პოლიტიკაში, პრაქტიკასა და გაგებაში უზარმაზარი უფსკრულია. Vodafone Foundation-ის დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოცემულ მომენტში ორგანიზაციების მხოლოდ 5%-ს აქვს ოჯახური ძალადობის შემთხვევებისთვის შექმნილი სპეციალური პოლიტიკა ან სახელმძღვანელო და დიდ და საშუალო კომპანიებში საშუალოდ, ოჯახური ძალადობის გამჟღავნების ერთ შემთხვევაზე ნაკლები იყო უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში და ეს მაშინ, როდესაც გასულ წელს მხოლოდ ინგლისსა და უელსიში 1,2 მილიონი ქალი იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ გვერდით შესაძლოა ახლაც იჯდეს და მუშაობდეს ადამიანი, რომელიც ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, მაგრამ ამაზე არ საუბრობს.

ცხადია, რომ ამ კუთხით დამსაქმებლების მხრიდან საკმარისი ძალისხმევა არ არის გაწეული. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ახალი ზელანდიის საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს დამატებით 10-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება უნდა მისცეს, რა დროშიც ადამიანი მოძალადისგან თავის დაღწევას და ახალი საცხოვრებლის პოვნას შეძლებს თავისთვის და შვილებისთვის (თუ ჰყავს) და ამასთანავე, მეტი შანსი ექნება, რომ არ გახდეს იძულებული, სამსახური მიატოვოს, რაც მას ფინანსური უსაფრთხოების შეგრძნებას შეუნარჩუნებს.