
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, 53 წლის კარინ კნაისლის გათხოვებას ალბათ ყურადღებას ბევრი არავინ მიაქცევდა, ერთი გარემოება რომ არა - 18 აგვისტოს, ქორწილში, სტუმართა შორის, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც მიიწვიეს.
რუსი ლიდერის ავსტრიაში ვიზიტი - უკვე მეორე ამ ზაფხულის განმავლობაში - მოულოდნელი იყო. მასმედიას არასდროს არაფერი დაუწერია იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ასე ახლოს მეგობრობს კარინთან და მისი გულის რჩეულთან, 65 წლის ბიზნესმენ ვოლგანგ მაილინგერთან.
მსგავს მიწვევებზე ვლადიმერ პუტინი არცთუ ისე ხშირად თანხმდება - მაგალითად, 2015 წელს იგი არ წავიდა თავისი პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის ქორწილში, მიუხედავად იმისა, რომ მისი მეუღლე ტატინა ნავკა ამბობდა, რომ პრეზიდენტი მივიწვიეთო.
როგორც ამბობენ, პუტინის სტუმრობის გამო, ქორწილში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს, ავსტრიის სპეცსამსახურები საგანგებოდ ემზადებოდნენ და შესაბამის წრთვნებს ატარებდნენ ქორწილის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მეტიც, პუტინის ესკორტის გამო ავტობანიც კი გადაკეტეს.
კარინ კნაისლი ავსტრიის საგარეოპოლიტიკურ უწყებას გასული წლის ზამთრიდან ხელმძღვანელობს. მას ვენიდან სამხრეთით პატარა ფერმა აქვს, მშვენივრად ერკვევა ახლო აღმოსავლეთის პრობლემებში (დაიბადა ვენაში, მაგრამ გაიზარდა ამანში, იორდანია) და არაერთხელ მოუწოდებია ყველასთვის რუსეთთან დიალოგზე წასვლა - მოსკოვ-დასავლეთის კონფრონტაციის ფონზე. კარინ კნაისლმა დაამთავრა ვენის უნივერსიტეტი, ფლობს შვიდ ენას - არაბულს, ინგლისურს, ფრანგულს, იტალიურს, უნგრულს, ჩინურს და ივრითს, ხოლო მშობლიურმა გერმანულმა ენამ მას, სვარაუდოდ, საშუალება მისცა ქორწილის დროს ესაუბრა ვლადიმირ პუტინთან, რომელიც თავისუფლად ლაპარაკობს გერმანულად.