
ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა, რომელიც გასულ შაბათს ტვინის სიმსივნისგან გარდაიცვალა, სიკვდილის წინ აშშ-ს მოსახლეობისადმი მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა. მიმართვის ტექსტს ტელეკომპანია NBC ავრცელებს.
მაკკეინის განცხადებით, ქვეყნის დიდება სუსტდება, როდესაც ის ცდილობს კედლებს ამოეფაროს მათი დანგრევის ნაცვლად. სავარაუდოდ, ასე პოლიტიკოსმა მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებაზე მიანიშნა, თუმცა დონალდ ტრამპი არ უხსენებია.
გარდა ამისა, საკუთარ მიმართვაში მაკკეინმა მადლობა გადაუხადა ამერიკელებს "მათთვის მსახურების პატივისთვის და იმ ცხოვრებისთვის, რომელიც მას ჯარში და პოლიტიკაში გატარებული წლების საშუალებით ჰქონდა".
"მე ვცდილობდი ჩვენი ქვეყნისთვის ღირსეულად მემსახურა. ვუშვებდი შეცდომებსაც, თუმცა იმედი მაქვს, რომ ამერიკისადმი ჩემი სიყვარული შეცდომებს გადაწონის", - განაცხადა მაკეინმა.