16 კვირა - 2025, მარტი

პერუში ერთმანეთს ჰიტლერი და ლენინი დაუპირისპირდნენ | Allnews.Ge

პერუში ერთმანეთს ჰიტლერი და ლენინი დაუპირისპირდნენ

პერუელმა პოლიტიკოსმა, ჰიტლეს ალბა სანჩესმა საკუთარი კანდიდატურა ქალაქ იუნგარის მერის პოსტზე წარადგინა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მისი კანდიდატურის წინააღმდეგია კიდევ ერთი პოლიტიკოსი, ლენინ ვლადიმერ როდრიგეს ვალვერდე, რომელმაც საარჩევნო კომისიას ჰიტლერ ალბას არჩევნებზე არდაშვების მოთხოვნით მიმართა.

ჰიტლერ ალბა სანჩესი წარმოადგენს პარტიას "ჩვენ - პერუ". მისივე თქმით, პოლიტიკური მეტოქეების ლენინ ვალვერდეს მის წინააღმდეგ იყენებენ, რათა არჩევნებში სხვა კანდიდატმა გაიმარჯვოს.

"მე კარგი ჰიტლერი ვარ, ვალვერდეს კი საერთოდ არ ვიცნობ. ჩემი მოწინააღმდეგეები ყოველთვის ცდილობენ სახელის გამო ჩემს დისკრედიტირებას. ალბათ, მამაჩემმა ეს სახელი იმიტომ დამარქვა, რომ ის უცხოდ ჟღერდა. მან ჰიტლერის ისტორია არ იცოდა", - აცხადებს ჰიტლერ ალბა.

ის აცხადებს, რომ არაერთხელ უფიქრია სახელის შეცვლაზე, თუმცა ამ იდეაზე მშობლების მიმართ პატივისცემის გამო უარი თქვა.

აღსანიშნავია, რომ ჰიტლერ ალბა 2011-2014 წლებში უკვე იკავებდა იუნგარის მერის თანამდებობას.

საბოლოო ჯამში, პერუს საარჩევნო სასამართლომ ჰიტლერ ალბას კანდიდატურა არ მოხსნა, ვინაიდან ამისთვის კანონიერი საფუძველი არ არსებობს.

შეგახსენებთ, ლათინური ამერიკის ქვეყნებში ახალშობილებს ხშირად ცნობილი ისტორიული პირების სახელებს არქმევენ. მაგალითად, ეკვადორის მოქმედ პრეზიდენტს ლენინ მორენო, კოსტა-რიკას საფეხბურთო ნაკრების წევრს კი ელცინ ტეხედა ჰქვია. ლათინოამერიკელებს შორის ასევე პოპულარულია სახელები ნაპოლეონი და სტალინი.