
ინდონეზიის მთავრობა მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაზარალებულთათვის 37 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა სრი მულიანი ინდრავატიმ განაცხადა.
მისი თქმით, სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის ეროვნულმა სამმართველომ დაახლოებით 560 მილიარდი ინდონეზიური რუპია (დაახლოებით 37,5 მილიონი დოლარი) მოითხოვა.
"560 მილიარდი რუპია სამმართველოს განკარგულებაში დღესვე გადავა. არ გამოვრიცხავთ, რომ ეს თანხა კიდევ გაიზრდება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
კუნძულ სულავესიზე, ქალაქ პალუს მახლობლად 28 სექტემბერს 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის, რამდენიმე საათში კი კიდევ ერთი, 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგებმა ცუნამი გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად 800-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.