
ინდონეზიაში, ქალაქ პალუში საკვების, წყლისა და საწვავის დეფიციტია. მოსახლეობას ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ დახმარება ესაჭირობა. სტიქიამ გაანადგურა გზები. ქალაქის მაღაზიებში რიგებია, ადგილობრივები ცდილობენ საკვების და საჭირო ნივთების ყიდვას.
"ბიბისის" ცნობით, გასულ კვირას მომხდარი სტიქიის შედეგად 850-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა პალუში. საერთო ჯამში კი ინდონეზიაში ცუნამისა და მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1200-სს გადააჭარბა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, ვინაიდან ნანგრევებში ათობით ადამიანია მოყოლილი.
მაშველების თქმით, მიმდინარეობს ცხედრების ამოყვანის პროცესი. ქალაქის ნაწილი ტალახითაა დაფარული, რაც სამაშველო ოპერაციას კიდევ უფრო ართულებს.
ქალაქ პალუში სტიქიამ დააზიანა აეროპორტიც და სატელეკომუნიკაციო საშუალებები, ასევე საავადმოფოები. დაშავებულებს ღია ცის ქვეშ მკურნალობენ. ხალხი ქალაქის დატოვებას ცდილობს, ისინი კომერციული ფრენების აღდგენას ელოდებიან.
"ნებისმიერ ადგილას გავფრინდები. უკვე ორი დღეა ველოდები, არაფერი მიჭამია, არც დამილევია", - განაცხადა 44 წლის ვივიდმა.
საქველმოქმედო ორგანიზაცია Save the Children-ის განცხადებით, პალუში ბევრმა მცირეწლოვანმა მომხდარის გამო, წარმოუდგენელი ტრამვა და სტრესი განიცადა:
"მათ დაკარგეს დედები და მამები და უყურეს, როგორ წაიღო წყალმა ყველაფერი".
ბევრი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, ისინი კარვებში, ქუჩებში ათენებენ ღამეს.
პალუ მასობრივ სასაფლაოდ იქცა. გათხარეს საერთო სასაფლაოები, სადაც ათობით ადამიანი დაკრძალეს.
ინდონეზიაში გასულ პარასკევს 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც ცუნამი წარმოშვა. სტიქიამ წინასწარი მონაცემებით 1,6 მილიონი ადამიანი დააზარალა.