
საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიაზე ახალ კალედონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი იმართება. რეფერენდუმის ჩატარების შესახებ მიმდინარე წლის მარტში ახალი კალედონიის კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება.
რეფერენდუმის ფარგლებში ახალ კალედონიაში 270 საარჩევნო უბანი გაიხსნა. დროის სხვაობის გამო წინასწარი შედეგები ხვალ, პარიზის დროით 09:00 საათზე გახდება ცნობილი.
გამოკითხვების თანახმად, ახალი კალედონიის მოსახლეობის უმეტესობა ეწინააღმდეგება საფრანგეთისგან გამოყოფასა და დამოუკიდებლობის მიღებას.ექსპერტების აზრით, ამის მიზეზი არის ის, რომ ასეთ შემთხვევაში საფრანგეთის ზღვისიქითა ადმინისტრაციულ- ტერიტორიული წარმონაქმნი ვერ მიიღებს დოტაციებს საფრანგეთის ბიუჯეტიდან. ამჟამად, ახალი კალედონია საფრანგეთის ბიუჯეტიდან 1,3 მილიარდ ევროს იღებს.
მაისში ახალ კალედონიაში ვიზიტისას საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ "ახალი კალედონიის ბედი არქიპელაგის მოსახლეობის ხელშია".
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარ ფილიპმა აღნიშნა, რომ საფრანგეთის ხელისუფლება რეფერენდუმის შედეგებს მიიღებს, როგორიც არ უნდა იყოს ის.
თუ ახალ კალედონიის მოსახლეობა მხარს დაუჭერს საფრანგეთიდან გასვლას, მაშინ იგი პირველი იქნება ჯიბუტისა(1977 წელს) და ვანუატუს(1980) შემდეგ, რომელიც საფრანგეთს გამოეყოფა.