
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
BBC-ის ინფორმაციით, ბენონთან ერთად კიდევ 3 პირი დააკავეს, რომლებიც მექსიკის საზღვართან კედლის ასაშენებლად თანხას ონლაინ-კამპანიის მეშვეობით აწარმოებდნენ. პროკურატურის განცხადებით, აღნიშნულმა პირებმა კამპანია „ჩვენ ვაშენებთ კედელს“ ფარგლებში ათასობით ადამიანი მოატყუეს, რომელთაც ჰპირდებოდნენ, რომ მათი გადარიცხული თანხა მთლიანად კედლის მშენებლობას მოხმარდებოდა.
კამპანიის მეშვეობით მათ 25 მილიონი აშშ დოლარის შეგროვება მოახერხეს. პროკურატურის ინფორმაციით, ბენონმა აღნიშნული თანხიდან 1 მილიონი დოლარი მიიღო, საიდანაც დიდი ნაწილი პირადი მოხმარებისთის გამოიყენა.
სტივ ბენონი 2016 წლიდან დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. მან თანამდებობა 2017 წლის აგვისტოს დატოვა.