
აშშ-ის მთავრობის ეროვნული ლაბორატორიის მიერ კოვიდ 19-ის წარმოშობის შესახებ მომზადებული ანგარიშის თანახმად, ჰიპოთეზა, რომელიც ამტკიცებს, რომ ვირუსმა უხანის ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონა, სარწმუნოა და შემდგომ გამოკვლევას იმსახურებს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი იმ ადამიანებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებისთვისაც დოკუმენტის შინაარსი ცნობილია.
გამოცემის ცნობით, კვლევა, რომელიც კოვიდ 19-ის ვირუსის გენომურ ანალიზს ეყრდნობა, 2020 წლის მაისში კალიფორნიის ლოურენს ლივერმორის ეროვნულმა ლაბორატორიამ მოამზადა ტრამპის ადმინისტრაციის დავალებით. ახლა კი, კვლევის მიმართ ხელახლა გაჩნდა ინტერესი, რადგან აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თანაშემწეებს დაავალა, კოვიდ 19-ის ვირუსის წარმოშობა დაადგინონ.
პრეზიდენტის თქმით, დაზვერვის სააგენტოები სხვადახვა თეორიებს განიხილავენ, მათ შორის ვირუსის ჩინური ლაბორატორიიდან გავრცელებას და ცხარედ კამათობენ, რომელი უფრო რეალურია.
”ახლა მე ვთხოვე სადაზვერვო სამსახურებს, გაორმაგდეს ძალისხმევა, შეაგროვონ და გააანალიზონ ინფორმაცია, რომელიც საბოლოო შედეგამდე მიგვიყვანს და 90 დღეში წარმომიდგინონ მოხსენება”, - განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები კორონავირუსის წარმოშობის ორ შესაძლო სცენარს განიხილავენ: პირველი - ვირუსი ლაბორატორიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად წარმოიშვა და მეორე - ის ადამიანს რომელიღაც ცხოველისგან გადაედო.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ერთ-ერთ საიდუმლო ანგარიშში აღნიშნულია, რომ უხანის ლაბორატორიის სამი მკვლევარი 2019 წლის ნოემბერში კოვიდ 19-ის პირველი შემთხვევების დაფიქსირებამდე ერთი თვით ადრე გრიპის მსგავსი დაავადებით ავად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამასთან, ჯერჯერობით დადგენილი არ არის, იყო თუ არა ეს დაავადება კოვიდ 19.
ვაშინგტონი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მოუწოდებს, კოვიდ 19-ის წარმოშობის გამოკვლევის მეორე ეტაპი დაიწყოს.