რუსეთის მოკავშირეები: ქვეყნები, რომლებიც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, დიდი ალბათობით, ვლადიმერ პუტინის მხარეს დადგებიან
ბრიტანულმა გაზეთმა "დეილი ექსპრესმა" (Daily Express) გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: "რუსეთის მოკავშირეები: შვიდი ქვეყანა, რომელიც უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინის მხარეს დადგება“ (ავტორი - პიპ მერისონი).
"რუსეთმა დასავლეთი შოკში ჩააგდო უკრაინის საზღვართან ასიათასიანი არმიის განლაგებით. რაც უფრო იზრდება დაძაბულობა, მით უფრო აშკარა ხდება, რომ შეიძლება ვლადიმერ პუტინმა აშშ-სთან და ნატოსთან ომის პროვოცირება მოახდინოს. არიან ქვეყნები, რომლებიც, ალბათ, დასავლეთთან კონფლიქტში რუსეთს მხარს დაუჭერენ“, - წერს ავტორი.
მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, ნატო იხრება იმისკენ, რომ კიევს ქმედითი დახმარება გაუწიოს. "დღეისათვის აშშ-მა უკრაინას უკვე საკმაოდ დიდი "სასიკვდილო ტვირთი“ მიაწოდა, ხოლო დიდი ბრიტანეთი კიევს, თავდაცვის მიზნით, ახლო მოქმედების ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს მისცემს. ეს ნიშნავს, რომ თუ რუსეთი მართლაც გადაწყვეტს უკრაინაზე თავდასხმას, კრემლის ზურგს უკან მტკიცე მოკავშირე ქვეყნების ჯგუფი უნდა იდგეს", - ვკითხულობთ სტატიაში.
აი, რუსეთის ის სავარუდო მოკავშირეები, რომლებიც, ალბათ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მხარეზე დადგებიან, თუ იგი უკრაინასთან ომს დაიწყებს.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ОДКБ) თითქმის ნატოს ანალოგიურად მოქმედებს. ის პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიერ არის დაარსებული და ფაქტობრივად, უსაფრთხოების პაქტად ითვლება. ექვსი ქვეყანა, რომლებიც მასში შედის (რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი), წესდების მიხედვით, ერთმანეთის მხარეზე უნდა დადგნენ, რომელიმეზე თავდასხმის შემთხვევაში.
მათი უმეტესობა ან ყველა ერთად, თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, მსხვილმასშტაბიანი ომის შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინის დახმარებას გადაწყვეტენ და მის ხელისუფლებას გვერდით დაუდგებიან. მართალია, ორგანიზაცია თავისი წევრების საშინაოპოლიტიკური სიტუაციით არ უნდა იყოს დაკავებული, მაგრამ ამას წინათ ყაზახეთის კრიზისისას, რუსეთმა თავისი სამხედრო ქვედანაყოფები, ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად, ყაზახეთში გაგზავნა, რათა ადგილობრივ მთავრობას ფასების ზრდით გამოწვეული მასობრივი პროტესტების ჩაქრობაში დახმარებოდა.