რა ბედი ეწია ქალს, რომელმაც ჩინეთის ხელისუფლების მაღალჩინოსანი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა
11:05 / 09-02-2022 ჩინელი ჩოგბურთელი, ოლიმპიური ჩემპიონი, პენგ შუაი მედიის განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი 2021 წლის ნოემბერში გახდა, როდესაც მან ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ზე პოსტი გამოაქვეყნა. პოსტში წერდა, რომ ჩინეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
ამის შემდეგ, რამდენიმე წუთში, სოციალური ქსელიდან პოსტი გაქრა და საზოგადოებიდან გაქრა ასევე მისი ავტორიც. მას შემდეგ, თვეების განმავლობაში, პენგ შუაი არავის უნახავს. სხვადასხვა საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მოითხოვდნენ ჩინეთის ხელისუფლებისგან, რომ გამოექვეყნებინათ ინფორმაცია სპორტსმენის შესახებ, რომ ის უსაფრთხოდაა და ჯანმრთელია.
პენგი მხოლოდ ახლა, ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებისას გამოჩნდა მედიაში.
მან ინტერვიუ მისცა ფრანგულ სპორტულ გაზეთ L’Équipe-ს. ინტერვიუს დროს კი აღნიშნა, რომ მის მიერ გამოქვეყნებული პოსტი "ძალიან დიდი გაუგებრობა“ იყო. პენგმა ასევე განაცხადა, რომ ჩოგბურთის თამაშს თავი დაანება.
L’Équipe-თან ინტერვიუში პენგმა თქვა, რომ მისი პოსტის შინაარსი არასწორად გაიგეს. სპორტსმენის თქმით, არასდროს დაუდანაშაულებია ყოფილი ვიცე-პრემიერი ჟან გაოლი სექსუალურ ძალადობაში. ჩოგბურთელი ასევე ამბობს, რომ არსად გაუჩინარებულა და უკვირს, თუ რამ გამოიწვია აღნიშნულ საკითხზე შფოთვა.
"არ მერგონა თუ საზოგადოების მხრიდან ასეთი შეშფოთება იქნებოდა და მსურს ვიცოდე, რამ გამოიწვია ეს", - ამბობს პენგი და ადასტურებს, რომ პოსტი თვითონვე წაშალა გამოქვეყნებიდან 30 წუთში.