"ბნელეთის პრინცი" - ვინ არის ვიქტორ მედვედჩუკი და რა როლი აქვს უკრაინაში რუსეთის ჯარის შეჭრაში
ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინელი ოლიგარქი, უკრაინის პარლამენტის წევრი, პარტია "სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და უმდიდრესი ადამიანია, რომელსაც პუტინთან მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს და რომელიც თავის პარტიასთან ერთად, კრემლისა და პუტინის მთავარი ხმა იყო უკრაინაში. უკრაინელ ოფიციალურ პირთა ინფორმაციით, ის ამ დროისთვის დაკავებულია.
ადრე მედვედჩუკი კულისებიდან მოქმედებდა და პოლიტიკურ პროცესებს ისე მართავდა, რის გამოც "რუხი კარდინალი" შეარქვეს, ხოლო ახლა უკრაინაში მას "ბნელეთის პრინცს" უწოდებენ.
მედვედჩუკი პუტინთან ყველაზე უფრო დაახლოებული უკრაინელია. რუსეთის პრეზიდენტი მისი შვილის, დარიას ნათლიაა. 2004 წელს, როდესაც გოგონა დაიბადა, მშობლებმა, ვიქტორმა და ოქსანა მარჩენკომ პუტინს მისი მონათვლა სთხოვეს და ისიც დათანხმდა.
ვიქტორ და დარია მედვედჩუკები
ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში მედვედჩუკმა დარიას ბავშვობა გაიხსენა და თქვა, რომ პუტინმა ბავშვს ყვავილების თაიგული და დათუნია აჩუქა, როდესაც პუტინი მედვედჩუკებს ყირიმის ვილაში ესტუმრა.
"ჩვენი ურთიერთობა 20 წელზე მეტია ვითარდება. არ მინდა ვთქვა, რომ ვიყენებ პუტინთან ურთიერთობას, მაგრამ ეს ჩემი პოლიტიკური არსენალის ნაწილი იყო,“ - ამბობდა მედვედჩუკი წლების წინ გამოცემა Time-თან ინტერვიუში და დასძენდა, რომ მხოლოდ თვითონ შეეძლო რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობის ნორმალიზება.
გასული წლის განმავლობაში მედვედჩუკის პარტია უკრაინის მთავრობის სამიზნე გახდა. ის 2021 წლის მაისში ღალატში დაადანაშაულეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს. 2022 წლის იანვარში კი შეერთებული შტატების დაზვერვა აცხადებდა, რომ მედვედჩუკი თავის მოკავშირეებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას ცდილობდა.
2020 წელი, მოსკოვი - მედვედჩუკისა და პუტინის შეხვედრის ამსახველი ფოტო
ვლადიმერ პუტინი გასული შვიდი წლის განმავლობაში იყენებდა ხელთ არსებულ ყველა რესურსს, რომ არ დაეკარგა გავლენა უკრაინაზე, მათ შორის პირდაპირ შეჭრას, რადგანაც ამჩნევდა უკრაინელი ხალხის სულ უფრო მზარდ სწრაფვას დასავლეთისკენ. უკრაინაზე გავლენის მოხდენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება პუტინისთვის მედვედჩუკი და მისი პოლიტიკური პარტია იყო, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც უკრაინამ პუტინის მეგობრის წინააღმდეგ შესაბამისი ზომები მიიღო - პუტინისთვის ეს უკრაინაში კრემლის ხმის დახშობას ნიშნავდა.