რა არის "ლენდ-ლიზის" კანონი, რომელსაც ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა?
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის "ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონს ხელი მოაწერა, რითიც კანონი ოფიციალურად ძალაში შევიდა.
ხელმოწერის ცერემონია თეთრ სახლში გაიმართა.
აღნიშნული საკანონმდებლო აქტი, რუსეთის აგრესიის ფონზე, პრეზიდენტ ბაიდენს საშუალებას მისცემს, ეფექტურად და სწრაფად გაუგზავნოს იარაღი და სხვა სახის აღჭურვილობა უკრაინას.
შეგახსენებთ, ლენდ-ლიზის აქტს გასულ თვეში, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ დაუჭირა მხარი.
ისტორიული კონტექსტი
კანონი „ლენდ-ლიზის“ შესახებ აშშ-მ პირველად 1941 წლის მარტში მიიღო და ის ითვალისწინებდა ომში ჩართული იმ ქვეყნების სამხედრო დახმარებას, რომელთათვის ხელის შეშველებას აშშ-ის პრეზიდენტი, თავისი სამშობლოს სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩათვლიდა.
ლენდ-ლიზის“პროგრამით გადაცემული და ბრძოლებს გადარჩენილი სამხედრო ტექნიკა თუ სამოქალაქო პროდუქცია ომის დამთავრების შემდეგ, წესით, უკან უბრუნდებოდა აშშ-ს, თუმცა დარჩებოდა იმ ქვეყანას, რომელიც მას მთლიანად ან ნაწილობრივ გამოისყიდდა, მათ შორის - ხანგრძლივი უპროცენტო ამერიკული სესხის საშუალებით, ომში აფეთქებული ტანკები, თვითმფრინავები თუ საზღვაო ხომალდები კი ჩამოიწერებოდა და მათი საფასურის გადახდას თეთრი სახლი არ მოითხოვდა.
რომ არა„ლენდ-ლიზის“პროგრამა, სტალინს ძალიან გაუჭირდებოდა ან საერთოდ ვერ შეძლებდა ჰიტლერის არმიის მოგერიებას 1942-43 წლებში, როდესაც დასავლეთიდან აღმოსავლეთში ევაკუირებული საბჭოთა ქარხნები ჯერ კიდევ ვერ უშვებდა ფრონტისთვის საკმარის საბრძოლო ტექნიკასა და საჭურველს.
ლენდ-ლიზის ვალის პირველი ნაწილი - მხოლოდ 48 მლნ დოლარი - საბჭოთა კავშირმა აშშ-ს მხოლოდ ბრეჟნევის მმართველობის პერიოდში, 1972 წელს დაუბრუნა.