"ზოგჯერ ვამბობთ, ომია, მაგრამ ვუძლებთო... სინამდვილეში, ვერ ვუძლებთ - ჩვენ ხომ ისეთები ვეღარ ვიქნებით, როგორიც ომამდე ვიყავით" - ომის 100 დღე და უკრაინელი მოხალისის მონაყოლი
3 ივნისს უკრაინაში ომის დაწყებიდან ასი დღე გავიდა. მთელი დღის განმავლობაში კეთდებოდა შეფასებები, თუ რას მიაღწია აგრესორმა რუსეთმა ამ დროის განმავლობაში, რისი შენარჩუნება შეძლო და რა გზას ადგას უკრაინა უთანასწორო ბრძოლაში;
უკრაინელი მოხალისის, დმიტრი ვოლოდიმოროვის თქმით, რუსული ავიაიერიშების ფონზე, ქვეყანაში უსაფრთხო ადგილი თითქმის არ არსებობს. ისინი პერიოდულად, ქაოტურად ბომბავენ სხვადასხვა ქალაქს, დასახლებულ პუნქტს, სამოქალაქო ობიექტებს, რასაც იმით ხსნიან, რომ "იქ სამხედროები იყვნენ მობილიზებული".
AMBEBI.GE- სთან საუბარში ის ამბობს, რომ უკრაინელები ომის პირობებში, ბომბებში, ნაღმებში, საჰაერო განგაშის პირობებში ცხოვრებას შეეჩვივნენ.
- ხანდახან ჰუმანიტარული დახმარების დარიგებაშიც ვმონაწილეობთ. ჩვენთან არიან სტუდენტებიც. მათი ნაწილი ონლაინ ლექციას სანგრიდან, ტყეში გამაგრებული დანაყოფიდან, ფრონტის ხაზიდან, ბომბსაფარიდან ერთვება. ზოგი მათგანი საერთაშორისო უნივერსიტეტებში სწავლობენ და ომის გამო, ლექციებს ონლაინ ესწრებიან... მოხალისეებს შორის, არიან აბიტურიენტებიც, რომლებიც დაბომბვის შემდეგ, ჩვენთან ერთად ქუჩებს ასუფთავებენ. ყველანი ერთად ვდგავართ და ვცდილობთ, რუსულ ბოროტებას ჩვენებურად ვებრძოლოთ, ერთიანობით, გაუტეხლობით. რაშისტებმა უდიდესი ზიანი მოგვაყენეს, ახლობლები დაგვიხოცეს, ქალებსა და ბავშვებს არაადამიანურად უსწორდებიან, უდანაშაულო ადამიანების ხოცვას განაგრძობენ, მაგრამ ყველაზე მთავარი ჩვენი გატეხვა ვერ შეძლეს. ვერასდროს დაგვამარცხებენ.
- რა ხდება ახლა თქვენს გარშემო?
- გააჩნია დღე-ღამის რომელ მონაკვეთზე მეკითხებით... დილით დანგრეული სახლების და დახოცილი ადამიანების დათვლა მომიწია. ვნახე ბავშვები, რომელსაც ბავშვობა წაართვეს. ჩვენ მათ სათამაშოები მივუტანეთ, ერთ-ერთ მათგანი, ასე 6-7 წლის გოგონა სათამაშოების დანახვაზე ჩვენკენ გამოიქცა, შემდეგ კი, შუა ოთახში გაჩერდა. მას ორივე კიდური იდაყვთან ჰქონდა მოწყვეტილი და ჩვენი მიტანილი თოჯინა ვერ აიყვანა.
ამ სამი თვის განმავლობაში, უამრავი სიკვდილი ვნახე, დავკარგე ახლობლები, მეგობრები, ბევრი მათგანში, ეტლში ან ცალი ფეხით გააგრძელებს ცხოვრებას, მაგრამ პატარა ალინას თვალებზე მძიმე სანახავი არაფერი მახსენდება. დედამ ჩაისვა კალთაში და თოჯინასთან ერთად გულში ჩაიხუტა. გვითხრა, რომ ეს მისი პირველი სათამაშო იყო, მას შემდეგ, რაც ხელები დაკარგა. სიკვდილი მინდოდა...
ევროპაში მოლაპარაკებებზე, დიპლომატიაზე საუბრობენ. წარმოუდგენელია, რუსები და უკრაინელები მშვიდობიანი მოლაპარაკების მაგიდასთან. რუსეთმა ყველაფრისთვის პასუხი უნდა აგოს. ეს არ უნდა შერჩეს და არც შევარჩენთ. მხოლოდ პუტინი კი არა, მთელი ერის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ხანდახან ვამბობთ, ომია, მაგრამ ვუძლებთ, სინამდვილეში, ვერ ვუძლებთ, ჩვენ ხომ ის ადამიანები არასდროს ვიქნებით, ვინც ომამდე ვიყავით....