რა შემთხვევაში აღდგება ევროპაში გაზის მიწოდება?- დიმიტრი პესკოვი პირობებს ასახელებს
მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით" გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები გაგრძელდება მანამ, ვიდრე სანქციები არ მოიხსნება, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, სანქციები ხელს უშლის მილსადენის აგრეგატების მომსახურებას.
"სატუმბთან დაკავშირებით პრობლემები წარმოიშვა დასავლური სახელმწიფოების, მათ შორის გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მიერ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო. არ არსებობს სხვა მიზეზები, რაც გამოიწვევს პრობლემებს სატუმბთან დაკავშირებით", - განუცხადა მან ჟურნალისტებს.
პესკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სანქციების გამო, მილსადენის მთელი ექსპლუატაცია „ეფუძნება ერთ ბლოკს, რომელსაც სერიოზული მომსახურება სჭირდება“.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა იმის თქმა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზის მიწოდების საკითხი მთლიანად სანქციებზეა დამოკიდებული და მიწოდება განახლდება, თუ ეს სანქციები მოიხსნება ან შემსუბუქდება, პესკოვმა უპასუხა:
„რა თქმა უნდა, სწორედ ეს სანქციები, რომლებიც ხელს უშლის აგრეგატების მომსახურებას, ხელს უშლის მათ გადაადგილებას შესაბამისი სამართლებრივი გარანტიების გარეშე, რაც ხელს უშლის ამ სამართლებრივი გარანტიების გაცემასაც და ა.შ. სწორედ ეს სანქციები, რომლებიც შემოიღეს დასავლეთის სახელმწიფოებმა, სწორედ მათ მიიყვანეს სიტუაცია იქამდე, რასაც ახლა ვხედავთ“.