"შანხაის სამიტზე", ვისაც არ დაეზარა, პუტინი ყველამ ალოდინა" - როგორ აისახება რუსეთის გავლენის შესუსტება მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონზე
უკრაინის კონტრშეტევის შედეგად რუსული სამხედრო ნაწილები მარცხს მარცხზე განიცდიან. მიუხედავად იმისა, რომ ომის დასრულებას კიდევ კარგა ხანი დასჭირდება, ფაქტია, რომ ხარკოვის ოლქში მსოფლიოში მეორე არმიის წარუმატებლობის შემდეგ რეგიონულ პოლიტიკაზე პუტინის რეჟიმის გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდა. ამის პარალელურად ვითარება გართულდა ჩვენს რეგიონშიც - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ისევ სამხედრო დაპირისპირებაა, რაშიც მხარეები, ტრადიციულად, ერთმანეთს ადანაშაულებენ. ურთულესი ვითარებაა ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზეც, სადაც სამხედრო შეტაკებები დაიწყო. რჩება შთაბეჭდილება, რომ მსოფლიოში მომხდარი ცვლილებებისა და რუსეთის გავლენის შესუსტების ფონზე ახალი გამოწვევები ჩნდება. რა შეიძლება მოხდეს რუსეთში და როგორ აისახება ეს ჩვენს ქვეყანაზე? გვესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე:
- პროგნოზირება იმისა, რა შეიძლება მოხდეს რუსეთში, რთულია, რადგან საერთაშორისო ურთიერთობები ზუსტი მეცნიერება არ გახლავთ და ნებისმიერი სცენარი დამოკიდებულია სხვადასხვა ცვლადისა და არაერთი ფაქტორის ერთობლიობაზე, ასევე იმაზე, რომელ თეორიულ ჭრილში განვიხილავთ ამ სცენარებს.
რუსეთის არმიამ უკრაინაში დაკარგა ოპერატიული უპირატესობა. მან არა მხოლოდ უკან დაიხია, არამედ დათმო მნიშვნელოვანი პოზიციები. ახლა უკრაინის მთავარი ამოცანაა, ეს უპირატესობა, რომელიც კონტრშეტევით მოიპოვა, შეინარჩუნოს და სტრატეგიულ დომინირებაში გადაზარდოს, ანუ საბოლოოდ ბრძოლის ველის სრული კონტროლი აიღოს ხელში.
რუსეთს არ აქვს კონვენციური შეიარაღების საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ შექმნილი ვითარების შემოტრიალება შეძლოს. დღეს რუსეთი დგას რამდენიმე გამოწვევის წინაშე. თუ ის ბრძოლას გააგრძელებს, შეიძლება სრული სამხედრო-პოლიტიკური კატასტროფა განიცადოს. უკრაინის რესურსები შეივსება უახლოეს მომავალში, როდესაც ლენდ-ლიზი სრული მასშტაბით ამოქმედდება. აღსანიშნავია ისიც, რომ რაც მეტად გააქტიურდება უკრაინა, მით მეტად მოიმატებს მისი მხარდაჭერა, რადგან ეს დასავლეთში სარისკო ინვესტიციად აღარ ფასდება. დღეს ყველა მიიჩნევს, რომ უკრაინას შეუძლია გამარჯვება და მისი მხარდაჭერა რენტაბელურ ინვესტიციად მიიჩნევა. შესაძლებელია, რუსეთი აღმოჩნდეს სამხედრო-პოლიტიკური მარცხის წინაშე. როგორ შეიცვლება ვითარება ბრძოლის ველზე, სადამდე გაგრძელდება უკრაინის სამხედრო წარმატება, ცალკე მსჯელობის თემაა, მაგრამ ამჟამინდელი ვითარების გათვალისწინებით, მოვლენების განვითარების მეორე ვარიანტია, რუსეთმა აღიაროს მარცხი და უკრაინასთან გარკვეულ საზავო პირობებზე შეთანხმდეს. ორივე ვარიანტის შემთხვევაში რუსეთში ეს გამოიწვევს ძლიერ ტურბულენტობას. საზოგადოება, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იკვებებოდა რუსეთის უძლეველობის მითით, აღმოაჩენს, რომ დამარცხდა, თან დამარცხდა იმასთან, ვისაც ხელოვნურ სახელმწიფოდ მიიჩნევდა. ამის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებაში რა მოხდება, გავლენის ცენტრებში რა როგორ გადათამაშდება, რთული სათქმელია. რუსეთისთვის ყველაზე უარესი სცენარი, რომელიც ხშირად განიხილება, არის პოლიტიკური რეჟიმის ცვლილება, რაც გულისხმობს, რომ რუსეთში ახლანდელი ელიტა შეიცვლება და დაიწყება დიდი წმენდა არმიაში, რადგან ჯოხი ვიღაცაზე უნდა გადატეხონ, ამ ყველაფერს კი შეიძლება მოჰყვეს სხვა ტიპის პოლიტიკური ცვლილებები და ძალაუფლებისთვის უკიდურესად მძიმე ბრძოლა დაიწყოს.