"შენ არ იცი, რომ დალევს, როგორი სადისტია" - პუტინის ექსმეგობარი დიქტატორის ყოფილ ცოლთან საუბარს იხსენებს
პუტინის ყოფილი მეგობარი, ამჟამად რუსეთიდან დევნილი ბიზნესმენი სერგეი პუგაჩოვი, რამდენიმე დღის წინ, დიმიტრი გორდონთან ინტერვიუს დროს მოყვა, თუ როგორ სურდა პუტინს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საქმეთა მწარმოებლის პაველ ბოროდინის მოკვლა და როგორ ეპყრობოდა ცოლს, როცა ალკოჰოლს სვამდა.
სერგეი პუგაჩოვი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც ააშენა საბანკო სისტემა რუსეთის ფედერაციაში, ერთ დროს მას მნიშვნელოვანი გავლენა და მხარდაჭერა ჰქონდა ქვეყანაში, მათ შორის პუტინის მეგობრობის წყალობით.
2011 წელს პუგაჩოვი გაიქცა რუსეთიდან და საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო. რუსეთში კი ბანკირზე გამოცხადებულია ძებნა და დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა.
პუგაჩოვი ჯერ კიდევ წლების წინ ამბობდა, რომ ლუდმილა პუტინას ქორწილიდან მეორე დღესვე სურდა პუტინისგან გაქცევა...
"სხვისი პირადი ცხოვრების დეტალებს არ გავამხელ, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ქორწილიდან რამდენიმე დღეში ლუდმილას უკვე მისგან გაქცევა სურდა. მან აღიარა, რომ ძალიან რთულია მასთან ცხოვრება, მას ძალიან ბევრი უცნაურობა აქვს", - ამბობდა იმჟამად ბანკირი.
ამჯერად დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში რუსი დიქტატორის შესახებ ერთი შემთხვევა გაიხსენა.
"იმ დღეს, მე და ვლადიმერ პუტინი ვვახშმობდით. საფრანგეთიდან ღვინო ჩამოვიტანე და თითო ჭიქა დავლიეთ, პუტინს უნდოდა გაგრძელება, უცებ ლუდმილა შემოვიდა, გვთხოვა, აღარ დაგველია მეტი... პუტინმა თქვა, რომ არ იყო პრობლემა...
ჩვენ სმა გავაგრძელეთ, ლუდმილას ცრემლები წამოუვიდა და სხვა ოთახში გავიდა.
უკვე წამოსვლას ვაპირებდი, რომ დავინახე ისევ ტიროდა. ვეკითხები, - რა მოხდა ლუდმილა, რაშია საქმე, რას განიცდი ასე? - მიპასუხა, - შენ არ იცი, რომ დალევს როგორი სადისტია, არ მინდა, რომ დალიოს. ახლა დალევს და დაიწყებს ჩემს ჩქმეტას, ძალადობას, ძიუდოს ილეთების ჩემზე გამოცდას. შემდეგ ერთი კვირა ვერ გავდივარ ვერსად, ისე მალურჯებსო...
ხომ ხვდებით ეს რას ნიშნავს, მას თავში რაღაც ვერ აქვს კარგად, ის ყველაფერზე წამსვლელია..." - განაცხადა პუგაჩოვმა.