რის სანაცვლოდ ეხმარება ირანი რუსეთს დრონებით - რატომ ელიან სამხრეთ კავკასიაში ირანის გავლენის ზრდას?
რამდენიმე დღეა, უკრაინის ქალაქებს რუსეთი ირანული დრონებით, ე.წ. შაჰიდებით უტევს. მათ თვითმკვლელ დრონებსაც ეძახიან. ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატები სამიზნეს ეჯახებიან და ფეთქდებიან. ეს რუსეთის საჰაერო იერიშების უკვე მეორე ტალღაა, რომელთა სამიზნეც უმთავრესად უკრაინის ინფრასტრუქტურაა.
თვითმკვლელი შაჰიდების საშუალებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს საცხოვრებელი კორპუსები, დაიღუპნენ და დაშავდნენ სამოქალაქო პირები. ე.წ. კამიკაძე-დრონებით თავდასხმას შეეწირა ექვსი თვის ფეხმძიმე ქალი...
საინფორმაციო სააგენტო reuters - ის ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღიარებს, რომ მათი იერიშის მიზანი უკრაინის სამხედრო და ენერგომომარაგების ინფრასტრუქტურის დაზიანება იყო, რისთვისაც შეტევა მაღალი დამიზნების იარაღით განხორციელდა.
რუსეთმა, ირანული დრონებით შეუტია უკრაინის სამხრეთში მდებარე ქალაქ მიკოლაევის საზღვაო ტერმინალს, რის შედეგადაც, დაზიანებულია მზესუმზირის ზეთის საცავები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ კვირა საღამოდან მოყოლებული, რუსეთის 37 დრონი გაანადგურეს, რაც შეტევაში ჩართული დრონების დაახლოებით 85%-ია.
meduza.io-ს ცნობით, ირანი რუსეთს უფრო მეტი რაკეტისა და დრონის გადაცემას დაჰპირდა. ადგილობრივ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეთანხმება რუსეთსა და ირანს შორის, 6 ოქტომბერს შედგა, რა დროსაც, ვიცე-პრეზიდენტი, მოჰამად მოჰბერი, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსნებთან და ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელთან ერთად, მოსკოვში ჩავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა ირანს მეტი დრონი და ირანული ბალისტიკური რაკეტები სთხოვეს, რომელთაც მეტი სიზუსტე აქვთ. საუბარია, Fateh-ისა და Zolfaghar-ის სარაკეტო სისტემებზე, რომელთა მოქმედების არეალი 300-დან 700 კილომეტრამდეა. მათთან ერთად, რუსეთმა Shahed 136-ის დრონების მიღების სურვილიც გამოთქვა. შეთანხმება უკვე მიღწეულია.
Shahed 136
გამოცემის ცნობით, ირანული დრონები, ახლო აღმოსავლეთის გარეთ პირველად გამოიყენეს. მანამდე, დასავლეთი და ისრაელი მუდმივად ადანაშაულებდნენ ირანსა და მის მოკავშირეებს რეგიონში უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებაში.
ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით, ჯეიკ სალივანი, ჯერ კიდევ ივლისში აცხადებდა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში რუსული დელეგაცია სულ ცოტა ორჯერ ჩავიდა ირანში საბრძოლო უპილოტო აპარატების სანახავად.
CNN-ის სატელიტური ფოტომასალის მიხედვით, რომელიც ივნისშია გადაღებული, რუსეთის დელეგაცია, თეირანის სამხრეთით მდებარე კაშანის აეროდრომში იმყოფებოდა, რაც აშკარად მიანიშნებდა, რომ ირანი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების Shahed-191-ისა და Shahed-129-ის გადასაცემად ემზადებოდა.
Shahed-191
რის სანაცვლოდ ეხმარება ირანი რუსეთს? - ამის შესახებ დასავლურ მედიაში არაერთი ვერსია არსებობს. ერთ-ერთის თანახმად, სანქცირებული ირანი, რომელსაც ამერიკა და დასავლეთი შეზღუდვების თითქმის ყოველდღე უზრდის, მიიჩნევს, რომ ახლა შეუძლია, რუსული ნავთობისა და გაზის პროდუქტების სხვა ქვეყნებში ტრანზიტისთვის მთავარი ჰაბი გახდეს.