როგორ ემზადებიან ევროპის ქვეყნები მძიმე ზამთრისთვის?
ევროპის ქვეყნები დამატებით ზომებს იღებენ, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად ენერგიის პოტენციური დეფიციტის მასშტაბები შეამცირონ. კონტინენტის მთავრობებმა რიგი ახალი შეზღუდვები უკვე გამოაცხადეს.
ევროპის მთავრობები და მუნიციპალური ხელისუფლებები ბრიუსელის მოწოდების შესაბამისად მოქმედებენ, რომლის მიზანიც მომავალი წლის მარტისთვის ევროკავშირში ენერგიის მოხმარების 15%-ით შემცირებაა. მაგალითად, The Guardian-ის ცნობით, ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, ერთი გრადუსით შეამციროს გათბობის სტანდარტები საჯარო დაწესებულებებში.
დიდ ბრიტანეთში ენერგიის დაზოგვის მიზნით, დაახლოებით, 15 მლნ ფუნტის ბიუჯეტის კამპანია უნდა დაწყებულიყო. მართალია მთავრობამ, იმ მოტივით, რომ „ძიძა“ არ არის, ეს ინიციატივა დაბლოკა, მაგრამ ირლანდიამ ენერგიის მოხმარების შემცირებისთვის სოციალური კამპანია მაინც წამოიწყო: ქვეყნის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ღუმელები, საშრობები, სარეცხი მანქანები, ელექტროჩაიდნები და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა რაც შეიძლება, ეფექტურად გამოიყენოს და თუ შესაძლებელი იქნა, ელექტროენერგია პიკის საათებში, ანუ დღის 16:00-დან 19:00 საათამდე არ მოიხმაროს.
ირლანდიის ხელისუფლებამ, ასევე, მოუწოდა მძღოლებს, ავტომობილები ნელა ატარონ და ენერგიის მოხმარების დაზოგვის მიზნით შეუფერხებლად იმოძრაონ. ამასთან, მათ ურჩევენ კვირაში ერთხელ მაინც გადაერთონ ფეხით ან ველოსიპედით სიარულზე და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. სამთავრობო შენობებში გათბობის ჩართვაც გადაიდო, რის გამოც სექტემბერში რამდენიმე დეპუტატი სიცივეს უჩიოდა, თუმცა სამთავრობო კომპლექსის სხვა თანამშრომლები მაშინ ამბობდნენ, რომ „ამით მაგალითს იძლევიან.“ გათბობის მიწოდება დაგეგმილზე ოთხი დღით გვიან დაიწყო.
საფრანგეთში ენერგიის დაზოგვისა და საწვავის მოხმარების შესამცირებლად მაღაზიების ვიტრინებისა და ღირსშესანიშნაობების, მათ შორის ეიფელის კოშკის განათება ახლა უკვე ერთი საათით ადრე ითიშება. მთავრობამ, ასევე, წამოიწყო დიდი სოციალური კამპანია, რომელიც თითოეულ მოქალაქესა თუ ბიზნესს მოუწოდებს, წვლილი შეიტანოს საერთო ძალისხმევაში. ამასთან, თანამშრომლებს მოუწოდებენ ლიფტების ნაცვლად, კიბეები გამოიყენონ, პრინტერები და კომპიუტერები გამორთონ, როცა არ იყენებენ. კომპანიებსა და საჯარო სექტორის საწარმოებს დაევალათ, სახლიდან მუშაობის ისეთი რეჟიმი შეიმუშაონ, რომ სამსახურის შენობა სამი-ოთხი დღის განმავლობაში დაიხუროს. ამასთან, მოქალაქეებმა მანქანის მართვის დროს სიჩქარე უნდა შეზღუდონ.
კერძო შენობების მფლობელებს, ასევე, ურჩევენ, თერმოსტატები 19°C-მდე შეამცირონ, როცა შენობა ხალხით არის დაკავებული, ღამის საათებში ტემპერატურა 16°C-მდე, ხოლო ორ დღეზე მეტხანს გამოუყენებელ შენობებში, ანუ შაბათ-კვირას ან არდადეგებზე, 8°C-მდე დაწიონ. საზოგადოებრივი შენობების ხელმძღვანელებს დაევალათ, LED ნათურებზე გადაერთონ, ასევე, როცა საჭირო არ არის, გამორთონ ცხელი წყლის ქვაბები და სამუშაო საათებში ოფისები 19°C-ზე მეტი ტემპერატურით არ გაათბონ. სპორტულმა კომპლექსებმა გათბობის სტანდარტები ორი გრადუსით, ხოლო საზოგადოებრივმა საცურაო აუზებმა ერთი გრადუსით უნდა შეამცირონ.