"შინ შუქი არ გვაქვს. სიბნელეში ჯდომას, აქ ყოფნა სჯობია" - როგორ აღნიშნავენ უკრაინელები შობა-ახალ წელს საჰაერო თავდასხმების ფონზე?
14:20 / 26-12-2022 შობის ღამეს, როცა უკრაინელი კათოლიკეები დღესასწაულის აღსანიშნავად ლვოვის ლათინურ საკათედრო ტაძარში შეიკრიბნენ, ელექტროენერგია გათიშული იყო. სამწუხაროდ, შობის მეორე დღეს, მაცხოვრებლები კვლავ საჰაერო თავდასხმის განგაშის ხმამ გააღვიძა. რუსეთი დღესასწაულის დროსაც განაგრძობდა უკრაინის სამოქალაქო ცენტრების დაბომბვას. შობის ღამეს, ხერსონში, თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.
ომის ფონზე ელექტროენერგიის გარეშე დატოვებული უკრაინის მოსახლეობა მაინც ცდილობს, რომ სადღესასწაულო განწყობა შეიქმნას და უიმედობას არ მისცეს თავი. Guardian-ი ლვოვის საკათედრო ტაძრის მრევლს, 50 წლის ოკსანა მიხაილოვნას ესაუბრა ომის პარალელურად მიმდინარე დღესასწაულის შესახებ. ქალის თქმით, მისი ოჯახი წელს ორჯერ აღნიშნავს შობის დღესასწაულს, 25 დეკემბერს და 7 იანვარს: "მოკრძალებულად ვაპირებთ აღნიშვნას. არ გვაქვს სადღესასწაულო განწყობა. ზოგადად, სამსახურში კოლეგები ერთმანეთს რეცეპტებს ვუზიარებთ ხოლმე, ახლა კი მხოლოდ სარაკეტო თავდასხმებზე ვლაპარაკობთ, რაც განწყობას გვიფუჭებს. მიუხედავად ამისა, მაინც ვივახშმებთ 24-სა და 6-ში ღამით, რათა ოჯახს ერთად შეკრების მიზეზი გვქონდეს".
შობის კათოლიკური კალენდრით, 25 დეკემბერს აღნიშვნა, ომის გამო პოლიტიზებული საკითხი გახდა. პუტინის შეჭრის შემდეგ, უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მოსახლეობას ნება დართო, რომ შობა, 7 იანვრის ნაცვლად, 25 დეკემბერს აღენიშნათ. ამგვარი საქციელით, უკრაინელებს სურთ, თავი განარიდონ რუსეთს და დასავლეთს დაუახლოვდნენ.
უკრაინის მოსახლეობისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში, ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოსახლეობას ზამთართან გამკლავება დასჭირდება და შობის აღნიშვნასთან დაკავშირებით დაამატა:
"ჩვენ ვიმღერებთ საშობაო სიმღერებს - უფრო მხიარულად, ვიდრე ოდესმე - უფრო ხმამაღლა, ვიდრე გენერატორის ხმაა. ტოტალურ სიბნელეშიც კი, ვიპოვით ერთმანეთს იმისთვის, რომ მაგრად ჩავეხუტოთ და თუ გათბობა არ იქნება, ერთმანეთს ჩახუტებით გავათბობთ. აღვნიშნავთ ჩვენს დღესასწაულებს, როგორც ყოველთვის, გავიღიმებთ და ბედნიერები ვიქნებით, როგორც ყოველთვის. განსხვავება ერთია. ჩვენ არ დაველოდებით სასწაულს, ბოლოს და ბოლოს, ჩვენ თვითონ ვქმნით მას“. განაგრძეთ კითხვა