ნიაგარას ჩანჩქერი გაიყინა - ნახეთ შთამბეჭდავი ფოტოები
ტურისტებისთვის საყვარელი ადგილი, რომელიც აშშ-ის ნიუ-იორკის შტატისა და კანადის პროვინცია ონტარიოს საზღვარზე მდებარეობს, ყინულმა მოიცვა. ვიზიტორები უკვე რამდენიმე დღეა ჯადოსნური ხედის ფოტოებს სოციალურ ქსელში აზიარებენ, მათზე ასახულია გაყინული ნიაგარა და ნისლი, რომელიც ჩანჩქერს გარს აკრავს.
ნიაგარის ჩანჩქერის მოყინვა ბუფალოში არსებული მომაკვდინებელი ქარბუქისა და ცივი ტემპერატურის დამსახურებაა. ჩანჩქერი ნაწილობრივ არის გაყინული, რადგან მისი სრული გაყინვა, თითქმის შეუძლებელია. აქ წამში 3160 ტონა წყალი მიედინება, წამში 32 ფუტი სიჩქარით, იტყობინება Niagara Falls USA-ს ტურისტული ვებსაიტი.
ნიაგარას ყინულოვანი პეიზაჟი ზედაპირული წყლის და ყინულად ქცეული ნისლის შედეგადაა ჩამოყალიბებული. განსაკუთრებულად ცივ ზამთრებში, ყინული და თოვლი, ჩვეულებრივ, მდინარე ნიაგარას ნაწილზე წარმოიქმნება, ჩანჩქერის ძირში, რაც ყინულის ხიდსქმნის. 1912 წლამდე, ტურისტები და ადგილობრივები, მდინარეზე ყინულის ხიდის გავლით გადადიოდნენ, რათა ჩანჩქერის უნიკალური ხედისთვის ქვემოდან ეყურებინათ. ასევე, ადგილობრივები, ყინულის ხიდზე პატარა სტენდებს ხსნიდნენ, სადაც სუვენირებით დაწყებული, ვისკით დამთავრებული, უამრავ პროდუქტს ყიდდნენ. ხელისუფლებამ ხიდზე სიარული მას შემდეგ აკრძალა, რაც აქ სამი ადამიანი დაიღუპა. 1912 წლის 4 თებერვალს ყინული ჩატყდა და ისინი მდინარეში ჩაცვივდნენ.