კადიროვის გადაწყვეტილებით, მოსწავლეებს ავტობუსის მძღოლები დღიურს შეუმოწმებენ - რამზანის საგანმანათლებლო "რეფორმის" დეტალები
"დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, კადიროვმა იფიქრა და მოიფიქრა - მისი ინიციატივით, ავტობუსის მძღოლები სკოლის მოსწავლეებს დღიურებს შეუმოწმებენ, ფრიადოსანი ბავშვები კი, უფასოდ იმგზავრებენ. ჩეჩნეთის მეთაურის მოსაზრებით, მოზარდებს ასეთი მეთოდი სწავლის მოტივაციას გაუზარდის", - წერს გამოცემა kavkaz-uzel.eu.
როგორც გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, ახალი კანონი, რომლითაც ეს საკითხი დარეგულირდება, ჩეჩნეთში 22 თებერვლიდან ამოქმედდა და მისი აღსრულება ტრანსპორტის სამინისტროს კომპენტენციაა. უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ზაურ ციცაევის თქმით, ახალი კანონი ჩეჩნეთის მასშტაბით, ყველა მოსწავლეს შეეხება.
"იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე მძღოლს აჩვენებს დღიურში რომელიმე საგანში "ხუთიანს", ის უფასოდ იმგზავრებს. თუმცა, უპირატესობა ექნებათ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც უმაღლესი შეფასება ჩეჩნურ ენაში აქვთ - თუ მოზარდი ჩეჩნურ ენაში მიღებულ ფრიადს აჩვენებს მძღოლს, ის საზოგადოებრივი ტრასნპორტით უფასოდ ორჯერ იმგზავრებს. ამით მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის გაზრდა გვსურს", - აცხადებს ციცაევი.
რუსული მედიის ცნობით, კადიროვი, ჩეჩნეთში დამკვიდრებული "სიახლეებით" აჩვენებს, რომ რუსეთის კანონმდებლებლობას არ ემორჩილება. "ჩეჩნეთიდან ყოველ დღე ერთმანეთზე უფრო გასაოცარი სიახლეები მოდის. საით მიდის დღევანდელი ჩეჩნეთი, ამის პროგნოზი ძნელია", - წერს რუსული მედია.
გამოცემა newtimes.ru-ს ცნობით, ჩეჩნეთის ლიდერის "თავისებური გადაწყვეტილებების" მიზეზი ის არის, რომ კადიროვი ცდილობს, კრემლში, მისი გავლენებით გაძლიერებით აღშფოთებულ პირებს დაანახოს, რომ "თუნდაც წვრილმანებში, მაგრამ რაღაც საკითხებში თავად იღებს გადაწყვეტილებას."
ამ ყველაფერს ის ემატება, რომ ბოლო დროს, სულ უფრო ხშირად ჩნდება მედიაში ინფორმაცია პუტინის გარემოცვაში არსებული ბზარის შესახებ. იხილეთ სრულად