რა აჩვენა პრიგოჟინის ერთდღიანმა ამბოხმა?
ერთდღიანი სამხედრო ამბოხება რუსეთში 24 ივნისის საღამოს დასრულებულად გამოცხადდა. ყველაფერი კი ასე დაიწყო: 23 ივნისს "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა გასამხედროებული დანაყოფის ზურგის განლაგებაზე თავდასხმაში, რასაც, მისი მტკიცებით, "ვაგნერის" რიგებში დიდი მსხვერპლი მოჰყვა. მან, ამასთანავე, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობა ამხილა ათასგვარ უკეთურობაში და განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლით მიდიოდა მოსკოვისკენ, რათა აღედგინა სამართლიანობა და შეეჩერებინა "ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობის ბოროტება".
ეს არ არის სამხედრო გადატრიალება, ეს არის სამართლიანობის მარში და შეიარაღებული სვლა მოსკოვისკენ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის დასჯის მიზნითო, - ამბობდა პრიგოჟინი. მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდებოდა, პრიგოჟინი აცხადებდა, რომ მისმა მებრძოლებმა აიღეს როსტოვი, გაიარეს ვორონეჟი... ვრცელდებოდა მათ მიერ ჩამოგდებული ვერტმფრენების თუ ხელში ჩაგდებული იარაღის საწყობების ფოტო და ვიდეომასალაც. მოსკოვში ანტიტერორისტული რეჟიმი გამოცხადდა, ქუჩებში გამოჩნდა მძიმე ტექნიკა, ხალხს შინ დარჩენისკენ მოუწოდებდნენ. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მცდელობაში დაადანაშაულა და მათ ქმედებას "ზურგში დანის დარტყმა" უწოდა. რუსეთის ეფ-ეს-ბემ ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების ფაქტზე. რუსეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, პრიგოჟინს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
ამ ყველაფრის შემდეგ ყველასთვის მოულოდნელად პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მებრძოლების რაზმებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებდა. "დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. მესმის მთელი პასუხისმგებლობა, ამიტომ ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით. გეგმის თანახმად", - თქვა მან.
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა კი 24 ივნისს განაცხადა, კერძო სამხედრო დაჯგუფება "ვაგნერის" მეთაური ევგენი პრიგოჟინი, რომელზეც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ამ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება და ბელარუსში წავა, თან განმარტა, რომ შეთანხმებას მიაღწიეს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს შუამავლობით, რათა დასრულებულიყო სამხედრო ამბოხება. კრემლის განცხადებით, "ვაგნერის" მებრძოლებს არ მისცემენ პასუხისგებაში მათი დამსახურების აღიარების ნიშნად.მოკლედ, ამოუხსნელია ამ ერთდღიანი ამბოხის აზრი და მიზანი, თუმცა ამან აჩვენა, რომ რუსეთში გვარიანად არის არეული მონასტერი. მომხდარს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი:
- ის, რაც რუსეთში მოხდა და რაც, ჩემი აზრით, გარკვეული პროცესების მხოლოდ დასაწყისია და განპირობებულია ისტორიული კანონზომიერებით. ნებისმიერი ტოტალიტარული რეჟიმი ერთგვარ მითზე დგას - ეს არის საკუთარი უძლეველობისა და შეუმცდარობის მითი. როგორც კი ის ნგრევას იწყებს, ეს საბოლოოდ გადადის სისტემის შიგნით დაპირისპირებაში, ანუ როგორც კი მსახურები უზენაესის უძლეველობაში შეიტანენ ეჭვს, თავის გადარჩენაზე ზრუნვას იწყებენ და ვისაც ამის რესურსი აქვს, ამ პროცესის ინიციატორიც ის ხდება. ამ ეტაპზე ეს აღმოჩნდა პრიგოჟინი, მან ბრძოლა დაიწყო თავის გადარჩენისთვის.
გვინდოდა ეს დაპირისპირება ყოფილიყო უფრო მასშტაბური და რუსეთისთვის უფრო მეტად დამაზიანებელი, მაგრამ ჯერ ეს არ მოხდა მხოლოდ ერთი მიზეზით - როცა ორივე მხარე ნაძირალაა, მათ შორის გარიგების შანსი ყოველთვის არსებობს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ ეს მოხდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთის იმპერიის დასასრული არ არის მოახლოებული. თუნდაც პრიგოჟინის ეს ბუნტი და "ვაგნერის" რეიდი მოსკოვამდე აჩვენებს, რომ იმპერია უკვე შუშის ფეხებზე დგას და, ადრე თუ გვიან, მოსახდენი მოხდება. როდესაც სისტემა ზრდის ურჩხულს, ის ბოლოს აუცილებლად შეჭამს თავის შემქმნელს. პუტინის რეჟიმი სწორედ ამ გზას ადგას და პრიგოჟინმა სწორედ ეს აჩვენა. იხილეთ სრულად