ლიკვიდირებულია მამაკაცი, რომელიც ჯო ბაიდენს სოციალური ქსელით ემუქრებოდა: ვინ იყო და რას წერდა კრეიგ რობერტსონი?
9 აგვისტოს აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული იყო იუტას შტატში მცხოვრები მამაკაცი, რომელიც სოციალური ქსელით ემუქრებოდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.
CNN-ის ინფორმაციით, FBI-ს თანამშრომლებმა მამაკაცს მაშინ ესროლეს, როდესაც ის დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა.
კრეიგ რობერტსონმა ჯო ბაიდენის მიმართ მუქარის შემცველი პოსტები პრეზიდენტის იუტაში 9-10 აგვისტოს დაგეგმილი ვიზიტის წინ გამოაქვეყნა.
"გავიგე, რომ ბაიდენი იუტაში ჩამოდის. ვწმენდ M24 სნაიპერულ შაშხანას", - წერდა კრეიგ რობერტსონი.
გამოძიების ინფორმაციით, ეს პოსტი ერთ-ერთია იმ ათობით ძალადობრივი გზავნილისა და იარაღების ფოტოებიდან, რომელიც რობერტსონის ორ "ფეისბუქანგარიშზე" განთავსდა.
"სიკვდილი ჯო ბაიდენს!"
"იუტა გაითქვამს სახელს, როგორც ადგილი, სადაც სნაიპერმა პრეზიდენტი მოკლა", - წერდა სხვადასხვა დროს რობერტსონი.
"ფეისბუქში" რობერტსონის გვერდის თანახმად, რომელიც ახლა აღარ იძებნება, მამაკაცი იუტაში ფლობდა კომპანია Craig's Custom Woods, LLC -ს.
"სახელმწიფო დოკუმენტებში მითითებულია, კომპანია დაარეგისტრირეს 2022 წელს. ონლაინ-ნეკროლოგების თანახმად, რობერტსონი ორჯერ იყო დაქორწინებული და ჰყავდა 3 შვილი. ის პირველ ცოლს 1986 წელს დაშორდა და ხელახლა 1988 წელს დაქორწინდა. მისი მეორე მეუღლე გარდაიცვალა 2008 წელს", - იუწყება "ფოქს ნიუსი".
პროკურატურის ინფორმაციით, რობერტსონი, ბოლო თვეების განმავლობაში, ასევე აქვეყნებდა ონლაინ მუქარებს სხვა დემოკრატი პოლიტიკოსების და იმ პროკურორების მიმართაც, რომლებმაც ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საქმე აღძრეს.
საიდუმლო სამსახურის ცნობით, კრეიგ რობერტსონს კარგა ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ და მომხდარის თაობაზე პრეზიდენტი ბაიდენი ინფორმირებულია.