ფოტო, რომელმაც ხელი შეუწყო 5 გოგონას ეპოქის ყველაზე საკულტო და გავლენიან მოდელებად ქცევას და ფოტოსესია ისევ "ვოგისთვის" 33 წლის შემდეგ
1990 წელს Vogue-ის რედაქტორმა ლიზ ტილბერისმა პიტერ ლინდბერგს ჟურნალის ყდისთვის ახალი ფოტოს გადაღება დაავალა. ლინდბერგს, რომელიც თავისი მინიმალისტური ხედვით გამოირჩეოდა, სურდა შეექმნა მარტივი სურათი, რომელიც მოდელების ბუნებრივ სილამაზეს გამოავლენდა.
ფოტოსთვის იმ დროისთვის ნაკლებად ცნობილი ხუთი მოდელი შეარჩია - ნაომი კემპბელი, ლინდა ევანგელისტა, ტატიანა პატიცი, კრისტი ტარლინგტონი და სინდი კროუფორდი. ჯინსებში გამოწყობილი მოდელები ნიუ-იორკის ქუჩებში უმაკიაჟოდ პოზირებდნენ.
"ყველაფერი ბუნებრივად, ძალისხმევის გარეშე გავაკეთე, ფოტოს გადაღებისას ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ისტორიას ვქმნიდი“, - იხსენებდა ლინდბერგი წლების შემდეგ - "სილამაზე ყოველთვის ქერა ქალთან ან სექსუალურ შავგვრემანთან იყო დაკავშირებული, მე კი მსურდა, რომ ეს სტერეოტიპი დამერღვია.“
ფოტომ დიდი წარმატება მოიპოვა და ხელი შეუწყო 5 გოგონას, ეპოქის ყველაზე საკულტო და გავლენიან მოდელებად ქცევას - 90-იან წლებში მათ არაერთი მოდის ჟურნალის გარეკანი დაამშვენეს.
სამწუხაროდ, ა.წ. იანვარში, ამ თაობის ყველაზე იდუმალ მოდელად მიჩნეული, გერმანელი ტატიანა პატიცი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის წლების განმავლობაში ამშვენებდა მსოფლიო პოდიუმებს. როგორც ამბობენ, მას არ იზიდავდა ხმაურიან ქალაქებში ცხოვრება, პარიზსა და ნიუ იორკს ამჯობინა, რომ კალიფორნიაში შეეძინა რანჩო და მშვიდ გარემოში, ბუნებასთან ახლოს ეცხოვრა. დაინტერესებული იყო გარემოსდაცვითი საკითხებით. ბოლოს პოდიუმზე 2019 წელს გამოჩნდა Etro-ს შოუზე, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში.
...30 წლის შემდეგ
2023 წელს, იმ ლეგენდარული ფოტოსესიიდან 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ, მოდელები კვლავ, ამჯერად ტატიანა პატიცის გარეშე გაერთიანდნენ და "ვოგის" სექტემბრის ნომრის ყდაზე კვლავ მათ იხილავს მკითხველი. პარალელურად კი მოდის ინდუსტრიაზეც ისაუბრეს.
"ჩვენ ერთი ოჯახი ვიყავით. ერთმანეთზე ყოველთვის ვზრუნავდით“, - ამბობს გამოცემასთან სინდი კროუფორდი. იხილეთ სრულად