"პუტინს ბოლოს თავისივე გარემოცვა მოუღებს" - ვინ შეიძლება დაამხოს რუსი დიქტატორი?
"რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ერთადერთი ლოგიკური შესაძლებლობა პუტინის დასუსტებაა იმდენად, რომ დაინგრეს მისი უძლეველობის მითი, რაზეც დგას სისტემა", - ამბობს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი და პრიგოჟინის მოსკოვზე მარში ამისკენ გადადგმულ პირველ სერიოზულ ნაბიჯად მიაჩნია, - ეს გზავნილია ყველა იმ პირისთვის, ვისაც პოტენციურად შეუძლია მონაწილეობა სახელმწიფო გადატრიალებაში - " არ გაბედოთ განძრევა, ყველას მოგწვდებითო. მეორე მხრივ, ისტორიული კანონზომიერებაა, როდესაც სისტემა ასეთ ქმედებებზე გადადის, ეს მისი ბოლო აგონიური გაბრძოლებაა, რაც უცილობელი კრახით დასრულდება", - აღნიშნავს ანალიტიკოსი. როგორ წარმოუდგენია პუტინის დასუსტება, რა წვლილის შეტანა შეუძლიათ ამ საქმეში ლიდერების გარეშე დარჩენილ "ვაგნერელებს", რომელ პოლიტიკურ ძალას შეუძლია პუტინის რეჟიმის ჩანაცვლება და ვისთან ითანამშრომლებს დასავლეთი, ამ საკითხებზე გია ხუხაშვილი გვესაუბრება:
- პუტინის რეჟიმი სტრატეგიულად უკვე დამარცხებულია, როდესაც ომი დროში იწელება, საბოლოოდ იმარჯვებს ის, ვისაც მეტი რესურსი აქვს. ამ მხრივ დიდი უპირატესობა კოლექტიურ დასავლეთს აქვს. რუსეთი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დამარცხდება, მაგრამ მანამდე ჯერ დიდი დროა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთს ატომური იარაღი აქვს და წითელ ღილაკზე თითის დაჭერა შეუძლია, უნდა ვივარაუდოთ, რომ დასავლეთს აქცენტი რუსეთის ხელისუფლების შიგნიდან შეცვლაზე, ანუ პუტინის დამხობაზე აქვს. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი ამ ქვეყანაში მისიონისტური განწყობის შეცვლა. ასეთ შემთხვევაში ომი გაცილებით მალე, ნაკლები დანაკარგით დასრულდება. ამის შანსი დიდია, ამაზე მეტყველებს ისტორიული კანონზომიერება.
პუტინი მისიონისტია, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ხალხს არწმუნებს, რომ თითქოს რაღაც მისიის მატარებელია. მართლაც, მის ირგვლივ სერიოზული კონსოლიდაციაა როგორც საზოგადოების, ასევე ელიტის. იმისათვის, რომ პუტინის გარშემო არსებული განწყობა შეიცვალოს, საჭიროა მისი უძლეველობის მითის დამსხვრევა. ამ ამბავში კარგი ის არის, რომ როგორც კი მითოლოგიური ლიდერი სისუსტეს გამოავლენს, პროცესები ფორსირებულად ვითარდება. როგორც კი უკრაინა პირველ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს, რუს საზოგადოებაში მაშინვე დაიმსხვრევა პუტინის უძლეველობის მითი და დაიწყება შიდა გადატრიალება ამა თუ იმ ფორმით. მაინცდამაინც რევოლუციას არ ვგულისხმობ, შეიძლება შიდა კარის გადატრიალება იყოს. ასეთი ამბავი არაერთხელ მომხდარა ისტორიაში, ეს კანონზომიერებაა. სხვათა შორის, პრიგოჟინის მარში მოსკოვზე ამის ერთ-ერთი სიმპტომია. პუტინმა ეს ძალიან კარგად იცის და ამიტომაც დასაჯა (მაღალი ალბათობით).
პრიგოჟინის დასჯა ერთგვარი გზავნილია რუსული ელიტისთვის, პუტინმა მათ მიანიშნა, რომ მსგავსი რამ არ გაბედონ, თორემ ყველას მისწვდება, ყველას გაანადგურებს! შეიძლება ითქვას, პუტინის ეს გზავნილი აგონიის შედეგია. წესით, მან უნდა იცოდეს, რომ ბოთლიდან გამოშვებულ ჯინს უკან ვეღარ ჩააბრუნებს.
ფაქტია, პუტინმა სისუსტე გამოავლინა. იცით, პრიგოჟინის მარში როდის დაიწყო? როდესაც უკრაინამ კონტრშეტევის დაწყება გამოაცხადა. კონტრშეტევა მხოლოდ გამოცხადდა, მოქმედება ჯერ არც იყო დაწყებული, რომ რუსეთში უკვე დაიწყო შიდა რყევები - ელიტაში ურთიერთობები დაიძაბა, რასაც პრიგოჟინის მარში მოჰყვა. ჩემი აზრით, პუტინის ირგვლივ წრე უფრო და უფრო ვიწროვდება, მგონი, არც ისე შორს ვართ იმ დღისგან, როდესაც თავად რუსები გამოუტანენ განაჩენს. ეს იქნება ომის დასასრულის დასაწყისი, რაღაც შეთანხმებები დაიწყება.
- რა გაძლევთ საფუძველს, რომ პუტინის გზავნილი არ იმუშავებს და პოლიტიკური თუ სამხედრო ელიტა არ შეშინდება?
- აუცილებლად შეშინდება, მაგრამ შიში ეპიზოდური ემოციაა. შეშინებული ადამიანი ერთხანს ყუჩდება და მერე გადარჩენაზე იწყებს ფიქრს. ე.ი. თან შეშინდებიან და თან მიხვდებიან, რომ მშვიდად ვეღარ იცხოვრებენ. შესაბამისად, მომენტს დაელოდებიან და როგორც კი საშუალება მიეცემათ, მოქმედებაზე გადავლენ. ვფიქრობ, ეს დრო შორს აღარ არის - ერთი ან ორი წლის განმავლობაში რუსეთში აუცილებლად იქნება შიდა გადატრიალება.
- შეშინებული და ჩასაფრებული ელიტები ვის დაეყრდნობიან, როდესაც პუტინს ოპოზიციური ველი მთლიანად მოსუფთავებული აქვს?
- დიახ, რუსეთში ოპოზიციური ველიც მოსუფთავებულია და პოლიტიკური პროცესიც ჩამკვდარია, მაგრამ დროთა განმავლობაში გამოცოცხლდება. პუტინს ბოლოს თავისივე გარემოცვა მოუღებს.
- ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, პუტინის გარემოცვიდან ვიღაცებს სწორედ დასუსტებული პუტინი აწყობთ, რათა პროცესები კულუარებიდან მართონ.
- მე გამოვრიცხავ ამ ვერსიას. უკვე ყველასთვის ცხადია, რომ რუსული ელიტის მდგომარეობის გაუმჯობესების ერთადერთი საშუალება ომის დასრულებაა, ომი კი არ დასრულდება, ვიდრე პუტინი ცოცხალია. შესაბამისად, პუტინის ფიზიკური განადგურება ერთადერთი გამოსავალია. გააგრძელეთ კითხვა