UFC-ის დაღესტნელი მებრძოლი, რომელიც მხოლოდ ერთი თვალით ხედავს? - რა დაემართა შარა მაგომედოვს და როგორ მიაღწია წარმატებას?
21 ოქტომბერს აბუ-დაბიში UFC 294 გაიმართა. კავკასიელი მებრძოლებისთვის ეს დიდი ტრიუმფი იყო, რადგან ყველა მათგანმა მოწინააღმდეგე დაამარცხა. საღამოს მთავარ ბრძოლაში მსუბუქი წონის ჩემპიონი, ისლამ მახაჩევი ორგანიზაციის ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის რემატჩში შეხვდა. ისლამმა მოწინააღმდეგე პირველივე რაუნდში დაანოკაუტა და ყველას აჩვენა, რომ მასში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს.
მნიშვნელობით მეორე ბრძოლაში კადიროვის საყვარელი მებრძოლი, ხამზატ ჩიმაევი ნახევრად საშუალო წონის ექსჩემპიონთან, კამარუ უსმანთან საბრძოლველად გავიდა ოქტაგონზე. ბრძოლა სამი რაუნდი გაგრძელდა და მსაჯების გადაწყვეტილებით ჩიმაევმა გაიმარჯვა.ყურადღებას იქცევდა ასევე UFC-ის კიდევ ერთი შეხვედრა - კიდევ ერთი კავკასიელი მებრძოლისთვის ეს დებიუტი იყო. დაღესტნელი შარაბუტდინ "შარა ბულეტ“ მაგომედოვი გულშემატკივრებისთვის საშიშ და სასტიკ ადამიანად გამოიყურება და ეს საქმითაც დაამტკიცა.
გრძელი ჟღალი თმა და წვერი, ასევე დაზიანებული თვალი - ზოგს საერთოდ უკვირს, როგორ შეუძლია "შარა ბულეტს“ ცალი თვალით ასეთ სპორტში ასპარეზობა.ასევე, მაგომედოვი ფიზიკურად საოცარ ფორმაში იმყოფებოდა, გულშემატკივრის ნაწილი თვლიდა, რომ UFC-ის მკაცრ დოპინგ-ტესტს ვერ ჩააბარებდა.
"დოპინგ კომისია ნახევარი წელია რაც მამოწმებს, ხუთჯერ ამიღეს ანალიზი. სისხლში "მილდრონატი“ აღმოაჩინეს. მინიმუმ ნახევარი წელიწადი არ მიმიღია, ეს აყოვნებდა ჩემს დებიუტს. ვისაც კორონავირუსი გადაუტანია, ყველა "მილდრონატზეა“. ეს გულის ვიტამინივითაა“, - ამბობდა "შარა“.
რა სჭირს მებრძოლს თვალზე?
ეს ამბავი 2016 წელს მოხდა. მაგომედოვმა თვალი დაიზიანა, თუმცა დღემდე არ იცის ბრძოლის დროს მოხდა ეს, თუ ვარჯიშისას. მხედველობა თანდათან უარესდებოდა, მებრძოლი კი ექიმთან მისვლას არ ჩქარობდა და ჩვეულებრივად ვარჯიშობდა. მეტიც, ბრძოლებსაც მართავდა და ფიქრობდა, რომ თვალის სპაზმი ჰქონდა, რომელიც თავისით გაუვლიდა.
თუმცა, რეალურად, ყველაფერი უარესად აღმოჩნდა: როდესაც შარა ექიმთან მივიდა, გაირკვა, რომ თვალის ბადურის აშრევება სჭირდა.
"გულგრილად მივუდექი პრობლემას, გვიან მივმართე ექიმებს, ვაგრძელებდი ბრძოლებს და თავს ვარწმუნებდი, რომ თავისით გამივლიდა“, - აღიარებს მებრძოლი.
საბედნიეროდ, ექიმებმა თვალი შეუნარჩუნეს და ნება დართეს, რომ სპორტისთვის თავი არ დაენებებინა. მაგომედოვს 8 ოპერაცია ჩაუტარდა, ხოლო მკურნალობას 1.5 წელიწადი დასჭირდა. ახლა ის აცხადებს, რომ დაზიანებული თვალით სილუეტებს ხედავს და ეს ბრძოლაში ხელს არ უშლის. თუმცა მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ მათ უპირატესობა აქვთ.
"მარჯვენა თვალით ვერ ვხედავ, მაგრამ ეს ბრძოლებში ხელს არ მიშლის. მოწინააღმდეგეები ცდილობენ მარჯვნიდან დამარტყან, მაგრამ ეს მათ არ შველის“, - დაამატა მებრძოლმა.
შარა ექიმებთან ასევე სხვა მიზეზითაც არ მიდიოდა - მას უბრალოდ ფული არ ჰქონდა.
2016-ში უცნობი მებრძოლი იყო, ბევრ ჩემპიონატზე გამოდიოდა, რომ ფული გამოემუშავებინა. პირველ ბრძოლაში 2 000 დოლარი გადაუხადეს.
"ბევრი ფული დაგვჭირდა. მაშინ მშობლების კისერზე ვიყავი. რთულ სიტუაციაში აღვმოჩნდი - ორი წელი ვერ ვვარჯიშობდი, ვერც ვიბრძოდი. მთელი ჩემი კარიერა შეიძლება დავყოთ ტრავმამდე და მის შემდეგ. ტრავმის შემდეგ, მოვიკრიბე ძალები, ჩემს მეგობრებს და ახლობლებს ჩემი სჯეროდათ და მართლაც, ყველაფერი გამომივიდა“, - ამბობს შარა. იხილეთ სრულად