ალ-შიფას საავადმყოფოში "ჰამასის" გვირაბი აღმოაჩინეს, საავადმყოფოში კი პაციენტებისთვის არც ჟანგბადი და აღარც წყალია - რა ხდება ღაზის ყველაზე ცხელ წერტილში
ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოს კომპლექსში ოპერაციული გვირაბის შახტი აღმოაჩინეს.
"საავადმყოფოს ტერიტორიაზე “ჰამასის“ გვირაბის ინფრასტრუქტურა გამოაშკარავდა“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.მათივე მტკიცებით, ასევე აღმოაჩინეს მანქანა, რომელშიც დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა იყო განთავსებული.
"ჰამასი“ ისრაელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და მას ალ-შიფას სამედიცინო კომპლექსის შესახებ "ცრუ სცენარების, შეთითხნილი ნარატივებისა და დამახინჯებული ინფორმაციის" გავრცელებაში ადანაშაულებს.
აღსანიშნავია, რომ ღაზის სექტორის საავადმყოფოს დირექტორის თქმით, დაწესებულებას ახლა ჟანგბადი და წყალი ამოეწურა. "პაციენტები წყურვილისგან ყვირიან", - ამბობს მუჰამედ აბუ სალმია. ის აღნიშნავს, რომ საავადმყოფოში პირობები "ტრაგიკულია". სალმიას თქმით, ალ-შიფას საავადმყოფოში 650-ზე მეტი პაციენტი, 500 სამედიცინო პერსონალი და 5000 დევნილი იყო.
დირექტორი ამბობს, რომ ისრაელის ჯარისკაცები კვლავ მოძრაობენ კლინიკის შიდა სივრცეში. ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ მისი ოპერაცია "ჰამასის" წინააღმდეგ მიმდინარეობდა "ფრთხილი, მეთოდური გზით". თუმცა BBC-ის ჟურნალისტი, რუშდი აბუ ალიფი, რომელიც ჩარჩენილია საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ამბობს, რომ ისრაელის ჯარისკაცები ყველგან არიან და ყველა მიმართულებით ისვრიან.
საავადმყოფოს დირექტორის, აბუ სალმიას თქმით, ისრაელელმა სამხედროებმა ააფეთქეს ალ-შიფას მთავარი წყლის ხაზი. "ყველგან ისვრიან, ერთი შენობიდან მეორეში ვერავინ გადადის, ჩვენ დავკარგეთ კომუნიკაცია კოლეგებთან", - თქვა მან. იხილეთ სრულად