ადამიანები ცხოველების საკვებით იკვებებიან, ბავშვების 15% კი ქრონიკულად შიმშილობს - როგორია ჰუმანიტარული ვითარება ღაზაში?
ბავშვები შესაძლოა, რამდენიმე დღე იყვნენ საკვების გარეშე, რადგან ჰუმანიტარული დახმარების მანქანას სულ უფრო ხშირად უკრძალავენ შესვლას - ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, იზოლაციაში მოქცეულმა ადამიანებმა BBC-სთან ისაუბრეს. ისინი ყვებიან, რომ შიმშილთან გასამკლავებლად ცხოველების საკვებს ფქვილში ურევენ და ისე იღებენ, თუმცა მათი თქმით, ეს მარაგიც უკვე ამოწურვის პირასაა.
ისინი ყვებიან, რომ წყლის მილებთან მისასვლელად თხრიან ორმოებს, რათა დალიონ წყალი ან იბანაონ.
გაეროს ცნობით, მცირეწლოვანი ბავშვების 15% ქრონიკულად შიმშილობს, ხოლო 300 000 ადამიანს შიმშილით სიკვდილი ემუქრება.
BBC-ის წარმომადგენელმა ადგილობრივი მედიკოსი ჩაწერა. მისი თქმით, დახმარება, რომელიც ღაზას ჩრდილოეთით შეიტანეს, უკვე გახარჯულია და ხალხი ბრინჯის ჭამაზე გადავიდა. მისივე თქმით, იწურება დაკონსერვებული საკვების მარაგიც.
სურსათის მსოფლიო პროგრამამ BBC-ს ამ კვირაში განუცხადა, რომ ისრაელის სამხედროებმა ჩრდილოეთით მიმავალი ბოლო ხუთი დახმარების კოლონიდან ოთხი გააჩერეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ღაზაში მიწოდებებს შორის სხვაობამ ორ კვირას მიაღწია.
გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისმა განაცხადა, რომ დახმარების მისიების რაოდენობა, რომლებსაც უარი ეთქვათ ღაზას ჩრდილოეთით, მკვეთრად გაიზარდა, იანვარში იქ დახმარების 56% არ შეუშვეს, მაშინ როცა ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით ეს რიცხვი 14% იყო. იხილეთ სრულად