საბერძნეთი პირველი მართლმადიდებლური ქვეყანაა, რომელმაც ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა - რა ხდებოდა ათენში პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ?
გუშინ, საბერძნეთის პარლამენტმა უმრავლესობით დაუჭირა მხარი ერთსქესიანთა ქორწინებას და ერთსქესიანი ოჯახების მიერ ბავშვების შვილად აყვანის კანონს. საბერძნეთი გახდა 37-ე მსოფლიოში და პირველი მართლმადიდებლური ქვეყანა, რომელმაც დააკანონა ერთსქესიანთა ქორწინება.
საბერძნეთის პარლამენტის 245 დამსწრე დეპუტატიდან 176-მა ხმა მისცა ახალ კანონს.
კანონის მიღებას ხელი შეუწყო პირადად პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა, კონსერვატიული პარტიის ახალი დემოკრატიის ლიდერმა. ამავდროულად, პრემიერ-მინისტრის პარტიის ათობით დეპუტატი ეწინააღმდეგებოდა ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას, მაგრამ კანონპროექტს მხარი ოპოზიციის დეპუტატებმა დაუჭირეს, მათ შორის მემარცხენე სირიზას პარტიიდან, რომლის ლიდერი სტეფანოს კასელაკისი გეია.
„ეს არის ისტორიული ეტაპი ადამიანის უფლებებისთვის, რომელიც ასახავს დღევანდელ საბერძნეთს - პროგრესულ, დემოკრატიულ ქვეყანას, რომელსაც სჯერა ევროპული ღირებულებების“, - დაწერა პრემიერ-მინისტრმა მიცოტაკისმა სოციალურ მედია X-ზე.
დებატების დროს პარლამენტში გამოსვლისას, მიცოტაკისმა თქვა, რომ ახალი კანონი "მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ბევრი თანამოქალაქის ცხოვრებას.“
საპროტესტო აქციები
საბერძნეთის (ბერძნული) მართლმადიდებლური ეკლესია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას.
ეკლესიის წინამძღვარმა, ათენისა და სრულიად საბერძნეთის არქიეპისკოპოსმა იერონიმე II-მ განაცხადა, რომ ახალი კანონი არის მცდელობა, შექმნას ქვეყანაში ახალი რეალობა, რომელიც ანგრევს საზოგადოების სტრუქტურას.
კვირას ათენში ახალი კანონის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. დაახლოებით ოთხი ათასი ადამიანი გამოვიდა ხატებითა და ჯვარცმით ხელში.
საბერძნეთი, სოციოლოგების აზრით, ევროპაში ყველაზე რელიგიური ქვეყანაა. ამერიკული Pew Research Center-ის მონაცემებით, ბერძენი მაცხოვრებლების 90%-მდე თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად თვლის, მათი 58% აცხადებს, რომ რელიგია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ ცხოვრებაში. მართალია, ეკლესიაში მხოლოდ 16% დადის, მაგრამ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მთელ ევროპაში.
ერთსქესიანი წყვილების სამოქალაქო კავშირი - მაგრამ არა ქორწინება - საბერძნეთში ჯერ კიდევ 2015 წელს დაკანონდა, როდესაც ქვეყანას პარტია სირიზა მართავდა. მისი ლიდერი სტეფანოს კასელაკისი გასული წლის ოქტომბერში დაქორწინდა თავის პარტნიორზე აშშ-ში, რის შემდეგაც მას შეურაცხყოფა მიაყენეს ჰომოფობმა კონსერვატიულმა პოლიტიკოსებმა.
სირიზას მთავრობის პირობებში მიღებული კანონი არ აძლევდა უფლებას ერთსქესიან წყვილებს შვილი აეყვანათ.