მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა გამოვლინდა - რომელ ადგილზეა საქართველო?
როცა საქმე ბედნიერებისთვის სწორ სოციალურ პირობებს ეხება, ფინეთი პირველ ადგილზეა. პროფესორი ჯონ ჰელიველი, ვანკუვერის ეკონომიკის სკოლის პროფესორი, რომელიც აგრეთვე World Happiness Report-ის დამფუძნებელი რედაქტორია, ფინეთზე ამბობს: "ფინეთში ძირს რომ დაგივარდეთ საფულე, უკან გიბრუნებენ. ადამიანები ერთმანეთს ყოველდღიურად ეხმარებიან, ძალიან მაღალი ხარისხის და საყოვალთაოდ ხელმისაწვდომი ჯანდაცვა აქვთ და განათლების შესაძლებლობები ყველასთვის თანაბარია." ჰელიველმა ასევე აღნიშნა, რომ ფინეთს ბედნიერი ემიგრანტები ჰყავთ და უხარიათ, როცა თავიანთ კეთილდღეობას სხვებსაც უზიარებენ.
ჰამასთან ომის გათვალისწინებით, შესაძლოა, ბევრისთვის ისრაელის მე-5 ადგილზე ყოფნა მოულოდნელი იყოს, თუმცა ქვეყანა 2022 წლიდან სიის ტოპ ათეულშია. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ისრაელის რეიტინგი ბოლო სამი წლის საშუალო მაჩვენებელს ეფუძნება.
იმის მიუხედავად, რომ ლიტვა სიაში წელს მე-19 ადგილზე მოხვდა, 30 წლამდე რესპონდენტებს შორის გამოკითხვის მიხედვით, ის 2024 წლის ყველაზე ბედნიერი ქვეყანაა. 60 წელს გადაცილებულთათვის ლიტვა 44-ე ადგილზე გავიდა.
სიის ოცეული კი ასეთია:
1. ფინეთი
2 დანია
3. ისლანდია
4. შვედეთი
5. ისრაელი
6.ნიდერლანდები
7. ნორვეგია
8. ლუქსემბურგი
9. შვეიცარია
10. ავსტრალია
11. ახალი ზელანდია
12. კოსტა რიკა
13. ქუვეითი
14. ავსტრია
15. კანადა
16. ბელგია
17. ირლანდია
18. ჩეხეთი
19. ლიტვა
20. დიდი ბრიტანეთი
აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკითხვაში ცალკეულადაა მითითებული თუ რამდენად ბედნიერია თითოეული ქვეყანა 30 წელს ქვემოთ გამოკითხული ადამიანების აზრით. ახალგაზრდებში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, საქათველო 78-ე ადგილზე გავიდა და ბაჰრეინსა და ჩინეთს შორისაა. 60 წელს ზემოთ ქართველების გამოკითხვით კი დადგინდა, რომ ბულგარეთსა და თურქეთს შორის ვართ მოქცეული და 91-ე ადგილს ვიკავებთ.