"მოუთმენლად ველი დაკავებას" - შესაძლოა, ჯოან როულინგი დააკავონ: რას წერს მედია მიზეზებზე
ჯოან როულინგი შესაძლოა დააპატიმრონ - "ჰარი პოტერის" ავტორს ტრანსფობიაში ადანაშაულებენ. ახალი კანონი, რომელიც შოტლანდიაში ძალაში ორშაბათს შევიდა, კრძალავს სიძულვილს სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე.
"სიტყვისა და რწმენის თავისუფლება შოტლანდიაში დასასრულს უახლოვდება, თუ ბიოლოგიური სქესის ზუსტი აღწერა კრიმინალად ითვლება. ამჟამად ქვეყნიდან გასული ვარ, მაგრამ თუ ის, რაც აქ დავწერე, კვალიფიცირდება როგორც დანაშაული ახალი აქტის პირობებით, მოუთმენლად ველი დაკავებას" - დაწერა როულინგმა.
ცნობისთვის, შოტლანდიაში მიღებული ახალი კანონი სისხლის სამართლის დანაშაულად განიხილავს ასაკთან, სქესთან, გენდერთან, რასასთან, რელიგიასთან და სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ ისეთ განცხადებებს, რომლებიც შესაძლოა, სიძულვილს აღვივებდნენ. აღნიშნული კანონი ჯარიმას ან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჯოან როულინგს წლების განმავლობაში ტრანსფობიაში ადანაშაულებენ. მან ამ თემაზე მრავალჯერ გააკეთა განცხადება. გასულ კვირას ჯოან როულინგმა შოტლანდიის ახალი კანონიც გააკრიტიკა. მწერალმა აღნიშნა, რომ კანონი კომიკურია და ის "კაცისთვის კაცის დაძახებას გააგრძელებს".
"მე ვიცნობ და მიყვარს ტრანსგენდერი ადამიანები, თუმცა სქესის კონცეფციის გაუქმება მრავალ ადამიანს ართმევს უნარს, საკუთარი ცხოვრების მნიშვნელობა გაიაზროს" - ამბობს როულინგი.