როგორია სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა?
სლოვაკეთის ვიცე-პრემიერის და გარემოს დაცვის მინისტრის, ტომას ტარაბას განცხადებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"ვფიქრობ, გადარჩება, ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - ციტირებს ტარაბას რამდენიმე მედიასაშუალება.
შეგახსენებთ, გუშინ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო სროლის დროს დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. ინციდენტი დედაქალაქ ბრატისლავიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 150 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ ჰანდლოვაში მოხდა.
ეჭვიტანილი დაკავებულია. სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, მატუს შუტაი-ეშტოკმა გუშინ განაცხადა, რომ პრემიერი კრიტიკულ მდგომარეობაშია. მისივე თქმით, თავდასხმა პოლიტიკური მიზეზების გამო მოხდა.