ბურთი ხელოვნური ინტელექტით და ჭკვიანი სამაჯური - რა ახალი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი ევრო-24
UEFA ევრო-2024-ს ისტორიაში ტექნოლოგიურად ყველაზე მოწინავე საფეხბურთო ტურნირად ავითარებს, რომელშიც რამდენიმე ახალი ტექნოლოგია იქნება წარმოდგენილი. ამის შესახებ UEFA-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში წერია, რასაც Forbes ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევრო-2024-ის ოფიციალური ბურთი, რომელსაც „Fussballliebe“ ეწოდა და გერმანულიდან ითარგმნება, როგორც „ფეხბურთის სიყვარული,“ კომპანია Adidas-მა შეიმუშავა და სპეციალური ჩიპით აღჭურვა. ჩიპი დაკავშირებული იქნება ტექნოლოგია Connected Ball-თან და მას წამში 500-ჯერ ბურთის ზუსტ პოზიციას გადასცემს.
ამ მონაცემებს მსაჯები მიიღებენ, რომლებიც VAR, ანუ მსაჯის ვიდეოდახმარების სისტემით მუშაობენ. ჩიპი მსაჯს საშუალებას მისცემს, სწრაფად მიიღოს საჭირო ინფორმაცია და ეპიზოდების ვიდეოგადამოწმების დრო შეამციროს. ჩიპის მუშაობა, პირველ რიგში, ხელს შეუწყობს იმ მომენტების გარჩევას, როცა ბურთი ფეხბურთელს ხელზე ხვდება და შეხების ზუსტ მომენტს დაადგენს. ჩიპი ფეხბურთელის თამაშგარე მდგომარეობის დადგენასაც გაამარტივებს.
ასევე, განახლდება თამაშგარე მდგომარეობის გამოვლენის ნახევრადავტომატური სისტემა, რომელიც ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიყენებოდა. იქ ეს სისტემა თითოეულ არენაზე 10 კამერას იყენებდა, რაც გერმანიაში 12-მდე გაიზრდება. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, ისინი თვალყურს ადევნებენ 29 სხვადასხვა წერტილს თითოეული მოთამაშის სხეულზე და ვიდეომსაჯებს გადასცემენ სიგნალს, როცა მოთამაშე თამაშგარე მდგომარეობაშია.
ამასთან, სისტემა, Connected Ball ბურთის 3D-მოდელს რეალურ დროში შექმნის, რაშიც მას ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტი დაეხმარება. ეს თავიდან აიცილებს შეცდომებს და ზუსტად განსაზღვრავს, დატოვა თუ არა ბურთმა მოედანი. იხილეთ სრულად