"მე, ფაქტობრივად, შვილი დავკარგე... ჩემი ვაჟი მოკლეს..." - ილონ მასკის მორიგი განცხადებები ტრანსგენდერ ქალიშვილზე, რომელსაც მამის სახელის გაგონებაც აღარ სურს
ილონ მასკის თქმით, იმისთვის, რომ მისი ერთ-ერთი ვაჟი ტრანსგენდერ ქალად ქცეულიყო, მას მოტყუებით მიაცემინეს თანხმობა შვილის მიერ სქესობრივი მომწიფების ბლოკატორების მიღებაზე, რის შემდეგ მასკის ვაჟმა, ქსავიერმა სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა და ახლა ის ვივიან ჯენა უილსონია.
Tesla-ს გენერალური დირექტორს დიდი ხანია, დაძაბული ურთიერთობა აქვს თავის 20 წლის ტრანსგენდერ ქალიშვილთან, თუმცა ეს თავიდან პოლიტიკური უთანხმოების გამო იყო... მასკს შვილისთვის "კომუნისტიც" კი უწოდებია, რადგან ეს უკანასკნელი მიიჩნევდა, რომ "ყველა მდიდარი ადამიანი ბოროტია".
foxnews.com - ისთვის მიცემულ ინტერვიუში მასკმა მისი შვილის გადაწყვეტილების წინააღმდეგ ყველაზე მძაფრად გაილაშქრა და მომხდარი მისი ოჯახის წინააღმდეგ ჩადენილ "ბოროტებად" მოიხსენია.
"მე, ფაქტობრივად, მომატყუეს, როცა ქსავიერთან დაკავშირებით რაღაც დოკუმენტებზე ხელი მომაწერინეს", - თქვა მან.
"ეს მანამდე მოხდა, ვიდრე რაიმეს გავიაზრებდი, თან კოვიდიც გვქონდა, ასე რომ, ბევრი გაურკვევლობა იყო... მითხრეს, რომ თუ ქსავიერი ამას არ გააკეთებს, მან შეიძლება თავი მოიკლასო", - დაამატა მასკმა.
"არ ამიხსნეს, რომ პუბერტატის ბლოკატორები (წამლები, რომლებიც იმ ჰორმონების წარმოქმნას უშლის ხელს, რასაც ადამიანის ორგანიზმი გარდატეხის ასაკში გადის) სინამდვილეში, უბრალოდ, სტერილიზაციის წამლებია...
დიახ, ეს იყო ტყუილი, ბოროტებით სავსე ტყუილი და ვინც ამას აკეთებს, ციხეში უნდა აღმოჩნდეს“, - განაცხადა ილონ მასკმა.
"მე, ფაქტობრივად, შვილი დავკარგე. ამ პროცესს დედნეიმინგი ტყუილად არ ჰქვია. ჩემი ვაჟი მოკლეს, ის "გაღვიძებული გონების ვირუსმა“ მოკლა“, - ამბობს ილონ მასკი.
სხვა მილიარდერებისგან განსხვავებით, მასკს აქამდე არ დაუხარჯავს დიდი თანხები პოლიტიკურ შემოწირულობებზე, თუმცა ადრე მხარს, როგორც რესპუბლიკელებს, ისე - დემოკრატებს უჭერდა. ბოლო წლებში, როგორც ჩანს, უფრო რესპუბლიკელებისკენ გადაიხარა. იხილეთ სრულად