ტაიფუნის შედეგად ფილიპინების სანაპიროსთან ახლოს 1.5 მილიონი ლიტრი საწვავით დატვირთული გემი იძირება - რა ვიცით კატასტროფაზე?
ტაიფუნის შედეგად ფილიპინების სანაპიროსთან ახლოს საწვავით დატვირთული გემი იძირება. როგორც Reuters წერს, გემზე 1.5 მილიონი ლიტრი ინდუსტრიული საწვავი იყო განთავსებული.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გემ MT Terra Nova-ზე მყოფი ეკიპაჟის ერთი წევრი ზღვაში დაიკარგა, დანარჩენი 16 მეზღვაური კი სამაშველო ოპერაციის შედეგად გადაარჩინეს.
გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, რომ გემიდან გადაღვრილი საწვავი 2 საზღვაო მილის არეალში გავრცელდა.
ტაიფუნი „გაემი“ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს გუშინ დაატყდა თავს. როგორც მედია წერს, მოსალოდნელია, რომ ეს იქნება ყველაზე ძლიერი ქარიშხალი, რომელიც ტაივანსა და ფილიპინებს ბოლო წლების განმავლობაში დაატყდა თავს.