“ავტობუსის მძღოლმა ბილეთი არ მომყიდა, რადგან ქალი ვიყავი“ - “თალიბანს“ ტურიზმის აღორძინება სურს: რას ჰყვებიან ტურისტები, რომლებმაც ქვეყანაში უკვე იმოგზაურეს
კონფლიქტის შედეგად განადგურებულ ქვეყანაში ტურიზმი 2021 წლის აგვისტოში, “თალიბანის“ ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, შედარებით გაიზარდა. სტუმრები მთელი მსოფლიოდან ავღანეთის ლანდშაფტსა და უძველესი ისტორიის გასაცნობად მიდიან.
2021 წელს, ავღანეთს დაახლოებით 691 ტურისტი ეწვია, რაც მომდევნო წელს 2300-მდე გაიზარდა. ხოლო 2023 წელს ქვეყანამ 7000-მდე ტურისტს უმასპინძლა. ინფორმაციას Associated Press ქაბულში ტურიზმის დირექტორატის ხელმძღვანელზე, მოჰამად საიდზე დაყრდნობით ავრცელებს.როგორც ავღანეთის ტურიზმის სამინისტროს სპიკერმა CNN-ს განუცხადა, ქვეყანას 2021 წლის აგვისტოს შემდეგ, 10,179-ზე მეტი ტურისტი ეწვია.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებლები დაბალია, მაშინაც კი, როცა ქვეყანა ათწლეულების ომის შემდეგ ჰუმანიტარულ კრიზისს და სიღარიბეს ებრძვის, სტაბილური ზრდა შეინიშნება.
"რესპუბლიკის დაცემის შემდეგ ქვეყანაში ტურისტების ნაკადი შემოდის. ქვეყანა ცნობილია, როგორც კონფლიქტის ზონა, მაგრამ ჩვენ ბევრი რამ გვაქვს შესათავაზებელი – კულტურა, ხალხი, ლანდშაფტი”, - ამბობს ავღანური ტურისტული კომპანიის Unchartered Afghanistan-ის დამფუძნებელი ხეიბერ ხანი.
თალიბანის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ისინი მხარს უჭერენ ტურიზმის განვითარებას.
“ტურიზმის ინდუსტრიის ზრდა დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე“, - განაცხადა კულტურის სამინისტროს პრესსპიკერმა.
ქვეყანაში ყველაზე მეტი ტურისტი მოდის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და ირანიდან.
სამინისტროს დაქვემდებარებაში შეიქმნა დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს ტურისტებს მომსახურებას და მოამზადებს სტუდენტებს ტურისტულ ინდუსტრიაში და სასტუმროს მენეჯმენტში. იხილეთ სრულად