"... ტრამპისგან შეიძლება უფრო მძიმე პასუხიც მივიღოთ" - როგორ შეიძლება აისახოს ტრამპის პრეზიდენტობა საქართველოზე, ასევე უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომებზე?
5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა დემოკრატი კამალა ჰარისი დაამარცხა.
ფაქტობრივად, ამერიკის რიგით 47-ე პრეზიდენტმა რესპუბლიკელების "ისტორიული" გამარჯვების შესახებ უკვე გამოაცხადა - მან მხარდამჭერებს ფლორიდის შტატის ქალაქ უესტ პალმ ბიჩიდან მიმართა და თავისი გამარჯვების გარდა, სენატის არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვება აცნობა. დონალდ ტრამპმა თავის წარმატებას ამერიკელი ხალხის "შესანიშნავი გამარჯვება და სიგიჟე“ უწოდა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
78 წლის მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი მეორედ გახდა აშშ-ის პრეზიდენტი. პირველად ის პრეზიდენტად ამერიკელმა ხალხმა 2016 წელს აირჩია.
დონალდ ტრამპის ხელმეორედ გაპრეზიდენტებაზე და მსოფლიო წესრიგის კონტექსტში მოსალოდნელ ცვლილებებზე AMBEBI.GE პოლიტოლოგ თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.
- თქვენი აზრით, რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი ტრამპის ხელახლა გაპრეზიდენტებას?
- პირველ რიგში, ამ არჩევნებს უნდა შევხედოთ ამერიკის და ამერიკელი ხალხის კუთხიდან იმიტომ, რომ ამერიკელი ამომრჩევლისთვის საგარეო პოლიტიკაზე უფრო მნიშვნელოვანია სხვა საკითხები, რომლებიც ძირითადად უკავშირდება ეკონომიკას, სოციალურ სფეროს, მიგრაციის საკითხებს და ა.შ. რაშიც ამერიკელი ამომრჩევლისთვის ტრამპის მიერ წარმოდგენილი ხედვა გაცილებით უფრო მისაღები იყო, ვიდრე ჰარისის. გარდა ამისა, კამალა ჰარისს ნაკლებად ჰქონდა იმის დრო, სრულმასშტაბიანი საპრეზიდენტო კამპანია ეწარმოებინა, რადგანაც ის გვიან ჩაერთო ამ რბოლაში. კიდევ იყო ის ფაქტორი, რომ ტრამპს ეს გზა უკვე გავლილი აქვს და მასზე უფრო მეტად გამოცდილია. ასე რომ, გასაკვირი იმაში, რატომ აირჩიეს ტრამპი, არაფერია.
იმავე ეგზიტპოლების შედეგებს თუ დავაკვირდებით (იქ განსხვავებულად ტარდება ეგზიტპოლები, კითხულობენ არა მარტო იმას, ვის მისცეს ხმა, არამედ რატომ და მისი პროგრამის რომელი ნაწილი მოსწონთ), ჩვენ ვნახავთ, რომ ის საკითხები, რაც ტრამპს წინ ჰქონდა წამოწეული, რაც დაკავშირებული იყო, როგორც გითხარით, სოციალურ, ეკონომიკურ და მიგრაციის და რიგითი ამერიკელის ყოველდღიურობაში მდგარ სხვა აქტუალურ საკითხებთან, აქ მისი მესიჯები, მისი ხედვა გაცილებით ახლო იყო ამერიკელი ამომრჩევლის უმრავლესობასთან, ვიდრე კონკურენტის ხედვა.
ასე რომ, ვიმეორებ, ამ არჩევნებს უნდა შევხედოთ ამერიკელი ამომრჩევლის თვალით, რომლისთვისაც საგარეო პოლიტიკაზე მეტად აქტუალურია ის საკითხები, რომლებიც მის ყოველდღიურ ცხოვრებას უკავშირდება.